რუსეთის ხელისუფლების 17 აგვისტოს განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებულ იერიშებს ბელგოროდისა და ასტრახანის ოლქებში მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა.
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, ალექსანდრ შუვაევის განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რაკეტებითა და დრონებით განხორციელებული შეტევების შედეგად ოლქის სამ რაიონში 8 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 23 დაშავდა. უკრაინულ მხარეს აღნიშნულ დარტყმებთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.
პარალელურად, ასტრახანის ოლქის გუბერნატორმა იგორ ბაბუშკინმა განაცხადა, რომ გასულ ღამით მასირებული იერიში მიიტანეს სამრეწველო ობიექტებზე. მისი მტკიცებით, თავდასხმა მოიგერიეს და საწარმოების დაზიანება არ დაუშვეს, თუმცა ენოტაევის რაიონში დრონი კერძო სახლს მოხვდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ღამის განმავლობაში ქვეყნის რვა რეგიონში — მათ შორის ასტრახანისა და ბელგოროდის ოლქებში, ოკუპირებულ ყირიმში, ასევე შავსა და აზოვის ზღვების საჰაერო სივრცეში — სულ 205 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. მოგვიანებით უწყებამ დაამატა, რომ ბოლო 24 საათში ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა დამატებით 12 მართვადი საავიაციო ბომბი, HIMARS-ისა და Vampire-ის სისტემების 4 რეაქტიული ჭურვი და 797 დრონი გაანადგურეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, ტრადიციულად, იმ უპილოტო საფრენი აპარატების რაოდენობა არ დაუკონკრეტებია, რომლებმაც სამიზნეებამდე მიაღწიეს.
