ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტის თანახმად, 2002 წლიდან 2019 წლამდე ეკლესიამ ბიუჯეტიდან 276 მილიონ 500 ათასი ლარი მიიღო. საპატრიარქოსთვის გადაცემული უძრავი ქონება კი, ჯამში, 64 კვადრატულ კილომეტრ ფართობს მოიცავს.
ანგარიშის ავტორები ამტკიცებენ, რომ მართლმადიდებლური ეკლესიის პრივილეგიის ფონზე, სახელმწიფო სხვა რელიგიური ორგანიზაციების ავტონომიაში უხეშად ერევა. ასევე ორგანიზაციის განცხადებით, განსხვავებული ეროვნებისა თუ იდენტობის ადამიანები აგრესიის მსხვერპლნი არაერთხელ გამხდარან. ძალადობრივი ჯგუფის წევრებს შორის მართლმადიდებელი სასულიერო პირები, ან საპატრიარქოსთან ასოცირებული ორგანიზაციები არიან.
„ეს არის ძალიან ვრცელი ანგარიში და ფაქტობრივად ყველა მნიშვნელოვან საკითხს და პრობლემას შეეხება რაც კი წლების განმავლობაში რელიგიური თავისუფლების საკითხს, სახელმწიფოს პოლიტიკას რელიგიური კუთხით, რელიგიური უმცირესობების მდგომარეობასთან დაკავშირებით მოხდა. სისტემური პრობლემები, რომელიც გამოიკვეთა ბევრია. საპატრიარქო ახდენს გავლენას პოლიტიკურ პროცესებზე, საკანონმდებლო პროცესებზე, ერევა ამ ყველაფერში და ხშირად ხელისუფლებებიც იყენებენ საკუთარი პოლიტიკური ლეგიტიმაციისთვის, საარჩევნო პროცესებისთვის ამ ძალაუფლებას“, - განაცხადა „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ წევრმა მაკო ღავთაძემ.