დამოუკიდებელი პროპკავშირები და უფლებადამცველები „სპარის“ თანამშრომლის დაჭრის ფაქტს ეხმაურებიან. უფლებადამცველები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ უზრუნველყოს უსაფრთხო სამუშაო პირობებისა და შრომის უფლებების დაცვა. განცხადებაში ნათქვამია, რომ უკვე წლებია მომსახურების და განსაკუთრებით საცალო ვაჭრობის სფეროში დასაქმებულებს საშიშ გარემოში უწევთ მუშაობა. როგორც დასაქმებულები აცხადებენ დაცვის თანამშრომლების არ არსებობის გამო, საფრთხეები განსაკუთრებით იზრდება ღამის საათებში, უფლებადამცველების თქმით, აღნიშნული გარემოებები არაერთხელ მომხდარა შრომის უფლებებზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების მომზადებულ კვლევებსა და ანგარიშებში, მიუხედავად ამისა საცალო ვაჭრობის ობიექტები დაცვის თანამშრომლებზე უარს ამბობენ. ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ „სპარის“ თანამშრომლის მათე ჯომიდავას გარდაცვალება არ გახდა ქმედითი ნაბიჯების გადადგმის წინაპირობა და მან ვერ უზრუნველყო, რომ შემთხვევა არ განმეორებულიყო.
„ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ მომსახურების სფეროში შრომის უფლებების დაცვა და შრომითი ექსპლუატაციის აღმოფხვრა მრავალმხრივ რეფორმას საჭიროებს. უსაფრთხოების არარსებობასთან ერთად, მწვავედ დგას სამუშაო და ზეგანაკვეთური დროის, მინიმალური ანაზღაურების, შვებულებისა და ყველა სხვა ფუნდამენტური უფლების დაცვის საკითხი. თუმცა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ ხელისუფლებამ მყისიერად უნდა უპასუხოს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების რისკებს და, სხვა ღონისძიებებთან ერთად, დაავალდებულოს მომსახურების სფეროში მომუშავე კომპანიები, სამუშაო ადგილებზე დაცვის თანამშრომელთა ყოფნა უზრუნველყონ შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტს, დაუყოვნებლივ განახორციელოს „სპარისა“ და საცალო ვაჭრობის სხვა ობიექტთა შემოწმება, დარღვევების გამოვლენა და კომპანიის პასუხისმგებლობის დაყენება“,-ნათქვამია განცხადებაში.
