ამნისტიის კანონის მიღებას გავრილოვის ღამეს დაზარალებულები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.
მათი თქმით, 20 ივნისის ღამე სადამსჯელო ოპერაცია იყო და ამიტომ, უნდა დაისაჯონ ბრძანების გამცემები და შემსრულებლები.
"ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია, სამშაბათს მოხდეს ამნისტიის კანონპროექტის ინიცირება, რომელიც გათვალისწინებული იყო მედიაციის შედეგად შექმნილი დოკუმენტის მიხედვით. ჩვენი აზრით, ეს ამნისტიის კანონი არის როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი სამართლებრივი პრინციპების დარღვევა. ჩვენთვის მიუღებელია, რომელიმე პოლიტიკურ ძალას ჰქონდეს იმის სამართლებრივი, პოლიტიკური ან მორალური უფლება, რომ გადაწყვიტოს ისეთი საქმეები, რომელიც ეხება ჩვენს ფუნდამენტურ უფლებებს.
„ქართული ოცნების” სურვილია. პასუხისმგებლობას გაექცეს 20 ივნისის სისხლიან ღამეზე უნდა ასრულდეს ოპოზიციის ხელით, რაც ძალიან სამწუხაროა. ჩვენ ვაგრძელებთ სამართლებრივ დავებს როგორც სტრასბურგში, ასევე თბილისში და გვინდა, რომ დამნაშავეები დაისაჯონ. არავითარ შემთხვევაში არ შევეგუებით მათ ამნისტიას. მოვუწოდებთ ოპოზიციურ სპექტრს, ჩვენთან საუბრისკენ, რომ არ მიიღონ ამაში მონაწილეობა”, - აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილმა.
მათ ასევე დააანონსეს საპროტესტო აქცია 27 აპრილს, როცა პარლამენტში ამნისტიის კანონის ინიცირება მოხდება.
20 ივნისის ღამეს დაზარალებულებმა ევროკავშირს წერილითაც მიმართეს და მოითხოვეს, საქართველოს დაეხმარონ ისე, რომ არ შეილახოს მათი უფლებები.
ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი 19 აპრილს მოაწერა. დოკუმენტის ერთერთი პუნქტი სწორედ 20 ივნისის საქმეების ამნისტიას ეხება, რაც როგორც პოლიტიკოსებს, ისე სამოქალაქო საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს.
დოკუმენტის მიხედვით, ნიკა მელიამ ციხე ამნისტიის კანონით უნდა დატოვოს, მოიაზრება გირაოს გადახდაც. მელიას გირაოს გადახდაზე უარს ამბობს, ასევე, მისთვის მიუღებელია ამნისტიის კანონის შინაარსი, ვინაიდან ის 20 ივნისის დამნაშავე პოლიციელებზეც უნდა გავრცელდეს. უცნობია, შეეხება თუ არა ამნისტია ბრძანების გამცემ პირებს.
ასევე, საია-მ, რომელიც პარტიებს შეთანხმების ხელმოწერისკენ მოუწოდებდა, ახლა მიმართავს მათ, არ დაუშვან 20 ივნისს პოლიციელთა დანაშაულებებზე ამნისტიის კანონის ინიცირება.