20 ივნისის დაზარალებულები ამერიკის ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს და ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს წერილით მიმართავენ.
როგორც ერთ-ერთმა დაზარალებულმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, ისინი დიპლომატებს თავიანთი უფლებებისთვის ბრძოლაში სთხოვენ დახმარებას. დაზარალებულებმა წერილი ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში უკვე დატოვეს.
ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, ამნისტიის შესახებ ორივე მხარის მიერ დარეგისტრირებული კანონპროექტი გავრილოვის ღამის მშვიდობიან დემონსტრანტებს პრობლემებს უქმნის.
"ჩვენ ვთხოვთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, მედიატორებს, რომელთა შექმნილი მედიაციის დოკუმენტი არის საფუძველი ამნისტიის შესახებ კანონპროექტების, დაგვეხმარონ ჩვენი უფლებებისთვის ბრძოლაში. რეალურად, ეს კანონპროექტები 20 ივნისის მშვიდობიან დემონსტრანტებს უქმნის სერიოზულ პრობლემებს. ჩვენ ალბათ აღარ შეგვეძლება საქმეების გაგრძელება სტრასბურგში და თბილისში იმიტომ, რომ ძირითადი საქმეები არის აღძრული უფლებამოსილების მუხლზე, რომლითაც საყოველთაო ამნისტია ვრცელდება", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტის 2 ვარიანტი დარეგისტრირდა: ხელისუფლების და ოპოზიციის.
ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, მათ მიერ წარდგენილი კანონპროექტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტს სრულად შეესაბამება.
პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის შალვა შავგულიძის თქმით, ხელისუფლების სურვილია ამნისტია 19-21 ივნისის ფაქტთან დაკავშირებულ ყველა ჰიპოთეტურ დანაშაულზე გავრცელდეს და ამნისტიის კანონპროექტში კონკრეტულად ბრალდებები და მუხლები არ იყოს მოხსენიებული.
ირაკლი კობახიძის თქმით კი, ამნისტია უნდა შეეხოს მათ, ვის მიმართაც 20 ივნისის აქციის საქმეზე გამოძიება დაწყებულია ან მომავალში დაიწყება.