თბილისის ერთ-ერთ საკარანტინო ზონაში მოთავსებული ორი პირი 8 დღე პროტესტის ნიშნად შიმშილობდა - ამის შესახებ განცხადებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. როგორც ირკვევა საქრთველოში ჩამოფრენის შემდეგ, შოთა და ირაკლი გურეშიძეებს საკარანტინე პერიოდის გატარება თვითიზოლაციაში სურდათ და კარანტინში დარჩენასთან დაკავშირებულ თანხმობის დოკუმენტზე ხელი არ მოაწერეს, რის გამოც თითოეული მათგანი 3 ათასი ლარით დააჯარიმეს. სწორედ ამის გამო გადაწყვიტეს პირებმა შიმშილობის დაწყება.
როგორც ძმები აცხადებენ, მათ საკარანტინე ზონის გარეთ რამდენიმე საათი გაატარეს და არა ერთ ადამიანთან ჰქონდათ შეხება.
„ბორკილები დაგვადეს. მე ვუთხარი მუხლი გვითხარი რატომ გვაპატიმრებთ-თქო. ამის მერე წაათრიეს ჩემი ძმა, არ გვემორჩილებაო. მერე უკვე დაიწყეს იქ ხელების გრეხვა, როგორც ხდება. პოლიციის განყოფილების ეზოში დაახლოებით 3-4 საათი გავატარეთ. სასაამრთლომდე 5 საათი გავატარეთ. ჯერ ვიყავით ზოოპარკის გვერდით რომ განყოფილებაა. კარანტინის გარეთ დაახლოებით 6 საათი გავატარეთ. შეხება ძალიან ბევრ ადამიანთან გვქონდა“, - აცხადებენ ისინი.
გარდა ამისა, ძმების თქმით, ბრალდების მხარე მათ პატიმრობას ითხოვდა. ისინი ამბობენ, რომ მოსამართლემ დააჯარიმა 1 000 ლარით და კარანტინის რეჟიმის დარღვევისთვის, პოლიციამაც გამოუწერა ჯარიმა.
„კითხვა დასვა მოსამართლემ თუ იყო ბოქსირებული განყოფილება. არ იცოდნენ ამაზე პასუხი. შესვენება ითხოვეს სასამართლოზე. მოსამართლემ, ალბათ, კეთილი ნება გამოიჩინა. ამის შემდეგ დაგვაბრუნეს საკარანტინო სივრცეში“, - აცხადებენ ძმები.
გარდა ამისა, ძმების საქმეს საქართველოს ახალგაზრდა იურსიტთა ასოციაცია ეხმიანება.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შოთა და ირაკლი გურეშიძეები საქართველოში 14 აპრილს ჩამოფრინდნენ. ჩამოფრენისთანავე ისინი გადაიყვანეს თბილისში მოწყობილ ერთ-ერთ საკარანტინო ზონაში. ვინაიდან მათ ჰქონდათ თვითიზოლაციისთვის სათანადო საცხოვრებელი სახლი, მომდევნო დღეს შესაბამის პირებს აცნობეს, რომ სურდათ საკარანტინო პერიოდის თვითიზოლაციაში გატარება. მათი მოთხოვნა თვითიზოლაციაში გადასვლასთან დაკავშირებით დაუსაბუთებლად არ დაკმაყოფილდა, რამაც მათი პროტესტი გამოიწვია და კარანტინში დარჩენასთან დაკავშირებულ თანხმობის დოკუმენტზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადეს.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 420 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინის რეჟიმში 5 223 მოქალაქე იმყოფება სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 584. ვირუსისგან სრულად განიკურნა 111 პაციენტი, 5 კი, გარდაიცვალა.
საგანგებო მდგომარეობა, რაც ქვეყანაში 21 მარტიდან მოქმედებდა, გუშინ კიდევ ერთი თვით, 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდა. გარდა ამისა, 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. 15 აპრილიდან 10 დღით დაიკეტა ოთხი დიდი ქალაქიც.
საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.