logo
ENG



მშვენიერაძე ახალ სანქციებზე: ადამიანის უფლებების კუთხით, კანონს მნიშვნელოვანი დარღვევები აქვს

24 აპრ 202009:55
3 წუთის საკითხავი
 

საგანგებო მდგომარეობის ან კარანტინის დარღვევის შემთხვევაში, მოქალაქეები 3 000, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან. დარღვევის განმეორების შემთხვევაში, კი  6-წლამდე ვადით პატიმრობაა გათვალისწინებული. გუშინ პარლამენტმა სისხლის სამართლისა  და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებები დაჩქარებული წესით დაამტკიცა.

პარლამენტის პრესსამსახურის განცხადებით, სასჯელი მიმდინარე საგანგებო მდგომარეობას არ ეხება და ის პრეზიდენტის დეკრეტის ვადის გასვლის შემდეგ, საგანგებო მდგომარეობის კვლავ გამოცხადების შემთხვევაში, ამოქმედდება. კანონი ითვალისწინებს სხვა ცვლილებებსაც, რომლებიც იურისტების შეფასებით, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მნიშვნელოვან ხარვეზებს შეიცავს.  

როგორც „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტი გურო იმნაძე აცხადებს, რეგულაციები ადამიანის უფლებების დაცვის დარღვევის რისკებს შეიცავს.

„მთავრობის დადგენილება, რომელიც ყოველდღიურად შეიძლება შეიცვალოს და ჩვენ ვხედავთ, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში, რამდენად ხშირად გამოაქვს მთავრობას დადგენილება, ასეთი დადგენილების პირობებში შეიძლება ადამიანს დაეკისროს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც ძალიან სახიფათოა და ქმნის რისკებს ადამიანის უფლებებში უხეში ჩარევის. გარდა ამისა, ძალიან დიდ ძალაუფლებას ანიჭებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომელიც სხვა სახელისუფლებო შტოების მიღმა რჩება“, - აცხადებს იმნაძე.

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე კი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ტიპის სანქციები მოითხოვს, რომ საქმე სასამართლომ განიხილოს.

„თავად ცვლილებები ადამიანის უფლებების სტანდარტის შესაბამისობის კუთხით ბევრ კითხვას აჩენს. სანქციების შეფარდებას ახდენს პოლიცია და არა სასამართლო, მაშინ როდესაც სანქცია მაღალია. სტანდარტები ამ ტიპის სამართალდარღვევისთვის მოითხოვს, რომ საქმე სასაამრთლომ განიხილოს. საბოლოოდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კანონი მოუმზადებელია და აქვს მნიშვნელოვანი დარღვევები ადამიანის უფლებების კუთხით“, - აცხადებს მშვენიერაძე.

შეგახსენებთ, რომ 3 ათასი ლარი საგანგებო მდგომარეობის ან კარანტინის დარღვევის შემთხვევაში და 15 ათასი იურიდიული პირებისთვის - ეს სანქცია უკვე პარლამენტმა ახალი კანონით განსაზღვრა, რომელიც 23 აპრილს რიგგარეშე სესიაზე მესამე მოსმენით მიიღო. დარღვევის განმეორების შემთხვევაში კი 6-წლამდე ვადით პატიმრობაა გათვალისწინებული. ეს ქმედება როგორც დანაშაული პირველად ჩაიწერა სისხლის სამართლის კოდექსში. 


close დახურვა