ექსპერტები ჯანდაცვის საკითხებში კვლავ მასობრივი ტესტირების აუცილებლობაზე საუბრობენ.
როგორც „ფორმულასთან“ საუბარში ექსპერტმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, აბსოლუტურად ყველა რისკ-ჯგუფს და არა მარტო მათ, უნდა ჩაუტარდეს ტესტირება.
„ის პროტოკოლი და ალგორითმი რაც სამინისტრომ დაამტკიცა, ის შეასრულოს 1 აპრილს, რომელშიც არის ყველა ის ჯგუფები. არა მარტო სამედიცინო პერსონალი, არამედ სიმპტომიანი პაციენტები, კარანტინში მყოფი ადამიანები და ა.შ., რომლებიც მოიაზრებიან ყველაზე მეტად რისკ-ჯგუფებში. გარდა ამისა, მე მომხრე ვარ, დავიწყოთ გაფართოება, რომ მასიური ტესტირების საშუალებაც იყოს იმ ადამიანების, რომლებიც თავს მოიაზრებენ რისკ-ჯგუფად და ამ პროტოკოლში არ შედის“, - განაცხადა ჩიხლაძემ.
ექსპერტი ვატო სურგულაძე კი აცხადებს, რომ უნდა იყოს კონტროლი თუ რამდენად სრულდება კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ხელისუფლების მიერ შემუშავებული პროტოკოლი.
„ყველა ის ადამიანები ვინც წინა ხაზზე იმყოფებიან - ექთნები, ექიმები, პოლიციელები, ჟურნალისტები, კიდევ არის ჯგუფები, ეს არის ის ხალხი, რომლებიც მუდმივად უნდა იყვნენ შემოწმებულები. პრობლემა ისაა, რამდენად სრულდება ეს ადგილი და რამდენად მოწმდება. კი, გაუგზავნე პროტოკოლი, მაგრამ მოხდა მისი შესრულება? ამის მხარდამჭერი კონტროლია საჭირო, რათა რეალურად მოხდეს ამის აღსრულება“, - აცხადებს სურგულაძე.
პროტოლში ვერ მოხვდნენ ჟურნალისტები, მაგრამ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, კორონავირუსზე მედიის წარმომადგენლების გატესტვა დღეს დაიწყება. როგორც გოფოძემ აღნიშნა, ჟურნალისტებს სწრაფი ტესტი ჩაუტარდებათ, საეჭვო შემთხვევაში კი, განმეორებით კვლევა pcr ტესტით მოხდება.
ამავდროულად, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, რომ ჟურნალისტების ტესტირება დაავადედბის კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად ახალი ალგორითმის შემუშავების შემდეგ იგეგმება.
ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 517 შემთხვევაა დადასტურებული - აქედან 168 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 6 პაციენტი გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, ხოლო 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.