ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში 3 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან. მათ უკვე ჩაუტარდათ პროტოკოლით გათვალისწინებული მეორეული კვლევა. ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებაში სულ 30 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან მძიმე მხოლოდ ერთი პაციენტია, ის მართვით სუნთქვაზე რჩება. კლინიკაში მკურნალობას უსიმპტომო პაციენტებიც გადიან, მათი მდგომარეობა სტაბილურია.
„ახალი პაციენტები არ გვყავს 30 პაციენტი წევს ჩვენს კლინიკაში, აქედან რამდენიმეს პასუხს ველოდებით და შესაძლებელია ხვალ კიდევ გვყავდეს გამოჯანმრთელებულები. ერთი პაციენტი არის მართვით სუნთქვაზე, დანარჩენების მდგომარეობა სტაბილურია. ნაწილს აღენიშნება სხვადასხვა სიმძიმის პნევმონიები, მცირე ნაწილი კი უსიმპტომოდ მიმდინარეობს“, - განაცხადა კლინიკა „მედალფას“ რეგიონალურმა დირექტორმა ლევან ანთაძემ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 539 შემთხვევაა დაფიქსირებული.
საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.