
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი მედპერსონალის ინფიცირებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, მას, როგორც ექიმს, უფლება არ აქვს პაციენტების იდენტიფიკაცია მოახდინოს.
მისივე განცხადებით, მკურნალი ექიმები, რომლებიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მუშაობენ, ითვალისწინებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს, თუმცა დაზღვეული არცერთი არაა იმისგან, რომ დაინფიცირდება.
„ამ წუთში გახლავართ კლინიკის ხელმძღვანელი, მაგრამ ვარ მოწოდებით ექიმი და არასდროს არ ვარღვევ ეთიკას. ნებისმიერ პაციენტს, რომელიც არის ინფიცირებული თუ არაინფიცირებული, მას უფლება აქვს, ილაპარაკოს თავისი დაავადების შესახებ, მაგრამ მე, როგორც ექიმს, არანაირი უფლება არ გამაჩნია პაციენტის იდენტიფიკაციაზე, მის კომპეტენციაზე ვისაუბრო. თუ პაციენტები გადაწყვეტენ კონტაქტზე გამოსვლას, ნებისმიერ ტელევიზიასთან, ეს მათი უფლებაა მაგრამ მე ნუ მომთხოვთ პასუხს, ვინ არის იდენტიფიცირებული. არცერთი შემთხვევა არ არის დამალული. როგორც მკურნალი ექიმი, მე ვიხსნი პასუხისმგებლობას ინფორმაციის გაცემაზე.
რაც შეეხება პირად აღჭურვას, ჩემი მედპერსონალი, განსაკუთრებით ჩემ კლინიკაში ემორჩილება მსოფლიო ჯანდაცვის მიერ მოწოდებულ რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა იყოს აღჭურვილი და რა ეტაპზე რა უნდა განვახორციელოთ. ვირუსს, რომელსაც ვებრძვით არცერთი არ ვართ დაზღვეული, რომ არ დავინფიცირდებით, არ დავმძიმდებით, რომ არ გადავალთ რეანიმაციაში და რომ არ დამთავრდება ჩვენი სიცოცხლე ბიოლოგიური სიკვდილით. ძალიან გთხოვთ გვაცალეთ მუშაობის უფლება, ჩვენ თქვენ გემსახურებით“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
„ფორმულას“ ინფორმაციით, ამ დროისთვის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ორი გინეკოლოგი და 4 მედდაა დაინფიცირებული. სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციას ამ დრომდე არ სურს განმარტებების გაკეთება.
ინფიცირებულებიდან 207 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 8 ადამიანი.
ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 5025 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 540 პაციენტი.