არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ინფიცირების ახალი შემთხვევების გამოვლენის ტემპი იძლევა საშუალებას, რომ თანდათან მოიხსნას შეზღუდვები და დაიწყოს ეკონომიკური საქმიანობა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ახალი შემთხვევების რაოდენობამ იკლო, რაც ნიშნავს, რომ საქართველომ შეძლო პანდემიის შეკავება.
„ბოლო დღეების განმავლობაში ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა ნაკლებია და თუ ეს კლების ტენდენცია გაგრძელდა, ეს მყარ საფუძველს წარმოადგენს, რომ შეზღუდვების მოხსნის პროცესი დავაჩქაროთ და უფრო სწრაფად აღვადგინოთ ეკონომიკური და სოციალური ფუნქციები, რომლებიც ამ დროისთვის არის შეჩერებული. საქართველომ მართლაც შეძლო კოვიდ 19-ის პანდემიის შეკავება", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან ამოქმედდა, 22 აპრილს კი, კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდა და 22 მაისის ჩათვლით იქნება ძალაში. გარდა ამისა, 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათიაგამოცხადებული. ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.