
ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას კორონავირუსის მეორე ტალღაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის, შეიძლება, პირველ ტალღაზე მძლავრი აღმოჩნდეს.
სოლოღაშვილის თქმით, მთავარია, გამოჯანმრთელების ფანჯარაში მოსახლეობამ მაქსიმალურად დაიცვას მოცემული რეკომენდაციები.
"მეორე ტალღა რომ უფრო ძლიერი იქნება, ამის თქმის საფუძველს მსოფლიო სტატისტიკა გვაძლევს, სადაც უკვე ფიქსირდება მეორე ტალღა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ შუალედში, როდესაც სუფთა პერიოდი იქნება, ისე არ შემოგვეპაროს ეს დაავადება, რომ ერთბაშად დიდი რაოდენობა დადგეს. ამან შეიძლება გამოიწვიოს, რომ ნაკადი ვერ იმართოს. ამიტომ, გამოჯანმრთელების ფანჯარაში, სუფთა პერიოდში მაქსიმალურად იქნეს დაცული პირადი დისტანცირება და ის წესები, რომლებიც მოწოდებულია“, - განაცხადა სოლოღაშვილმა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 723-მდე გაიზარდა. გასული ღამის მონაცემებთან შედარებით კოვიდპაციენტების რაოდენობამ 2-ით მოიმატა.
განახლებული მონაცემებით, ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსისგან 495 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ეპიდემიას 12 ადამიანი ემსხვერპლა.
ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.