logo
ENG



გოცირიძე ელჩების განცხადებაზე: ისინი ივანიშვილს არ ენდობიან

19 ივნ 202017:25
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები 8 მარტის შეთანხმებაში მონაწილე ფასილიტატორი ელჩების განცხადებას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ დიპლომატები ბიძინა ივანიშვილს არ ენდობიან.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე აცხადება, ელჩების განცხადება ცხადყოფს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დევნა გრძელდება.

„განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს შეთანხმება შესრულებული არ არის. არ შეასრულა ქართულმა ოცნებამ. პირდაპირ წერია ამ ტექსტში, რომ მოუწოდებენ მხარეებს 8 მარტის შეთანხმების სრულყოფილად შეთანხმებაში. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დევნა გრძელდება და ყველა პოლიტიკური პატიმარი გათავისუფლებული არ არის. რაც შეეხება მოწოდებას, რომ ოპოზიციამ კენჭისყრაში მიიღოს მონაწილეობა, ეს ადასტურებს, რომ ისინი ივანიშვილს არ ენდობიან. გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებულია ერთ ადამიანზე. პასუხისმგებლობა ამ პროცესზე ეკისრება პირადად ივანიშვილს“, - აღნიშნავს გოცირიძე.

პარტია „სამართლიანობისთვის“ დამფუძნებელი ეკა ბესელია კი მიიჩნევს, რომ პარლამენტის ყველა წევრმა უნდა გაიაზროს თუ რა მნიშვნელოვან ცვლილებებს აძლევენ ხმას.

„ამ შეთანხმების შესრულება მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რომ მშვიდობიანად მივიდეთ არჩევნებამდე და არ ჩავარდეს კანონპროექტი, რაც არ უნდა გამოვრიცხოთ. ყველას მართებს გავიაზროთ რა მნიშვნელოვანია ამ ცვლილებების მიღება. პირველ რიგში, ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რმ ხელოვნური ბარიერები არ შექმნას და მერე ყველა იმ ადამიანმა ვინც ცვლილებებს ხმას ვაძლევთ“, - აღნიშნა ბესელიამ.

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის დავით უსუფაშვილის თქმით, შეთანხმების შესრულება ქვეყანაში ნორმალური პროცესების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

„ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ქართველი მოქალაქე ასევე ფიქრობს როგორც ჩვენი მეგობარი ელჩები. რომ ამ შეთანხმების შესრულება ქვეყანაში ნორმალური პროცესების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. შეთანხმების არ/ვერ შესრულება გამოიწვევს იმ ტიპის პრობლემებს, რომელიც ქვეყანას ჩიხში შეიყვანს. ეს ყველას ესმის და ამიტომ იყო საერთაშორისო ჩართულობა უპრეცედენტო 8 მარტის შეთანხმების მომზადებისა და მისი შესრულების პროცესში“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური დიალოგის შუამავალი ფასილიტატორი ელჩები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც ისინი მხარეებს შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებენ.

8 მარტის შეთანხმება: საპარლამენტო არჩევნების გამართვა 2020 წლის ოქტომბერში იგეგმება. იქამდე კი პარლამენტში კონსტიტუციაში შესატან ცვლილებეზე უნდა იმსჯელონ - კერძოდ, არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება, ხოლო ბარიერი 1%-იანი იქნება. ამის შესახებ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობით, 8 მარტს შედგა.

მიუხედავად ოპოზიციის, სენატორებისა და ევროპარლამენტარის მოწოდებისა, მმართველი გუნდი არ აღიარებს, რომ შეთანხმებაში პატიმრების შეწყალებაზე იყო საუბარი და აცხადებს, რომ ზოგადად, ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან. თუმცა, პრეზიდენტმა უკვე შეიწყალა ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა. ამ ეტაპამდე პატიმრობაში რჩება „მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სანამ რურუა არ გათავისუფლდება, შეთანხმება შესრულებული არ იქნება.


close დახურვა