„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების კიდევ ერთი შეუსრულებელი დაპირების გამო, დღეს თვითდასაქმებულებმა საპროტესტო ტალღა დაიწყეს. ისინი აქციების შეწყვეტას არ აპირებენ, ვიდრე კომპენსაციას, ან პასუხს არ მიიღებენ იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ დატოვა სახელმწიფომ ისინი დახმარების გარეშე.
მადონა იორამაშვილი ერთ-ერთია არაფორმალურ სექტორში დასაქმებულთაგან, რომელთაც დაპირებული 300 ლარიანი კომპენსაცია ჯერ კიდევ არ მიუღიათ. დოკუმენტაციის შევსებიდან 1 თვის შემდეგ მან მოკლეტექსტური შეტყობინებით გაიგო, რომ არასრულად შევსებული მონაცემების გამო, დაპირებულ თანხას ვერ მიიღებდა.
„ეს ცნობა რომ ავიღე და მივიტანე, მითხრეს, რომ ყველაფერი კარგად არის, მაგრამ მერე მომივიდა ესემესი, რომ რაღაც აკლია, არასრულყოფილია. ეს სამასი ლარი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მარჩენალ-დაკარგულის სტატუსი მაქვს, პენსიონერი ვარ, ჩემი პენსია წამლებშიც არ მყოფნის“, - აცხადებს მადონა იორამაშვილი.
მსგავსი პრობლემით დღეს ისან-სამგორის სოციალური მომსახურების სააგენტოს წინ რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა. ტაქსის მძღოლები, ძიძები, მეორეული ტანსაცმლის ბაზრობაზე დასაქმებული ადამიანები სახელმწიფოსგან კუთვნილი 300-ლარიანი კომპენსაციის მიღებას ითხოვდნენ.
ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ მსგავსი ცნობების მოთხოვნით მთავრობა პროცესის ხელოვნურად გართულებას ცდილობს. ამბობენ იმასაც, რომ ეს სცენარი მათთვის აქამდეც მოსალოდნელი იყო.
„300 ლარს რომ აძლევდნენ ერთჯერადად და სამ თვეზე 100 ლარი რომ გამოდის თვეში, იმაზეც კი აწამებენ ხალხს და ახლა მოუვიდათ პასუხები, რომ თურმე იმ სამასი ლარითაც არ დაეხმარებიან“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა.
„ფორმულანიუსის“ კითხვაზე, თუ რატომ ვერ მიიღეს თვითდასაქმებულებმა 300-ლარიანი დახმარება, ფინანსთა სამინისტრომ საკითხის გასარკვევად ჯანდაცვის სამინისტროსთან გადაგვამისამართა. როგორც აღმოჩნდა, ჯანდაცვის მინისტრი ამ ამბავში გასაკვირს ვერაფერს ხედავს.
„შეიძლება მოქალაქემ წარმატებით გაიაროს რეგისტრაცია, მაგრამ მათი დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ კომისიამ ჩათვალოს საჭიროდ რომ საჭირო არის დამატებითი დოკუმენტები“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
300 ლარიანი კომპენსაციის მისაღებად დარეგისტრირება თვითდასაქმებულებს 1 ივლისამდე შეუძლიათ. თუმცა, მიიღებენ თუ არა დაპირებულ თანხას, ჯერ ბუნდოვანია.
