logo
ENG



კუპრავა გიორგობიანზე: მითითება მისცა საგამოძიებო ორგანოს, რომ მისი ნათესავი დაზარალებულად ეცნოთ

04 ივლ 202013:34
3 წუთის საკითხავი
 
6gkyky1xs4l92xa.jpg

„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის, ნინო გიორგობიანის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს. ამის მიზეზად კი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაზარალებულად ცნობილ პირთან მის ნათესაურ კავშირს ასახელებს.

მისი განცხადებით, მან საგამოძიებო ორგანოს პირდაპირი დავალება მისცა, რომ იაკობ ბრეგვაძეს საქმეში დაზარალებულის სტატუსი ჰქონდეს.

„პირდაპირ მიუთითა საგამოძიებო ორგანოს, რომ მისი ახლო ნათესავი არის მისი ინტერესის სფერო და მისი დაზარალებული სტატუსი არ შეიცვლება. პირდაპირ მითითება მისცა საგამოძიებო ორგანოს, რომ უნდა იყოს დაზარალებული. ამ საქმეში დაზარალებული ერთი პირია და ეს არის გიორგი შაქარაშვილი. ნინო გიორგობიანის განცხადება იყო გავლენის მოხდენის მცდელობა, ამიტომ მისი უფლებამოსილების შეჩერებას ვითხოვთ“, - განაცხდა ზვიად კუპრავამ.

გუშინ შსს-ს მაღალჩინოსანმა დაადასტურა, რომ შაქარაშვილის საქმის მოწმე იაკობ ბრეგვაძე მისი ნათესავია.

ნინო გიორგობიანის თქმით, ბრეგვაძე ამ საქმეში დაზარალებულია და ის ერთადერთი იყო, ვინც მომხდარის გამო პოლიცია გამოიძახა.

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა  სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.


close დახურვა