ბაჩანა შენგელიამ გენერალურ პროკურატურას იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა. მიზეზი ისაა, რომ მიუხედავად საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებისა, იუსტიციის სამინისტრო მას ამ დრომდე უკანონოდ უზღუდავს სანოტარო საქმიანობის სისტემასთან წვდომას.
ბაჩანა შენგელია ირაკლი შოთაძეს ამერიკის ელჩთან შეხვედრას ახსენებს, სადაც საუბარი იყო პოლიტიკური ნიშნით დევნის საქმეების ობიექტურად გამოძიებაზე.
„უკვე 1 თვე ხდება, რაც ვერ ვახორციელებ ჩემ საქმიანობას. ეს მეორე სისხლის სამართლის საქმეა, რომლის გამოძიებასაც მე ვითხოვ. იუსტიციის სამინისტრო არღვევს კონსტიტუციას, სისხლის სამართლის კოდექსის არაერთ მუხლს.
ცალკე მინდა მივმართო ირაკლი შოთაძეს, რომელიც ამერიკის ელჩს შეხვდა და დაიდო პირობა, რომ წინასაარჩევნოდ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე იქნებოდა სწრაფი გამოძიება და ჩემი საქმეც შეიცავს პოლიტიკური დევნის ნიშნებს“, - აცხადებს შენგელია.
შენგელიას მიაჩნია, რომ მის მიმართ დაწყებული კამპანია დედამისის, ია კერზაიას საქმის გაგრძელებაა, რომელიც მაღალი თანამდებობის პირებმა დაუკვეთეს.
2018 წელს ია კერზაია ინსულტის დიაგნოზით გარდაიცვალა. მისი ჯანმრთელობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც სკოლაში, სადაც ის დირექტორის თანამდებობას იკავებდა, შესამოწმებლად განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფი შევიდა და უწყების განცხადებით, მძიმე დარღვევები გამოავლინა. გარდაცვლილის ოჯახი ამბობს, რომ კერზაიამ სკოლაში მიმდინარე პროცესებზე ინერვიულა, ინსპექტირება კი, თავის მხრივ, მასზე წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირდებოდა. პროკურატურამ საქმეზე გამოძიება შეწყვიტა იმ საბაბით, რომ დანაშაული არ არსებობდა, რასაც შენგელია დღემდე აპროტესტებს.
ბაჩანა შენგელიას ნოტარიუსის საქმიანობა წელს 18 ივნისს შეუჩერდა - ხოლო 29 ივნისს ცნობილი გახდა, რომ Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტების გამო, მის წინააღმდეგ კიდევ ერთი დისციპლინური სამართალწარმოება დაიწყო. ამის შემდეგ საქალაქო სასამართლომ დაავალა იუსტიციის სამინისტროს მისთვის სანოტარო პროგრამებთან წვდომის აღდგენა, რაც დღემდე არ სრულდება.
ბაჩანა შენგელიამ სარჩელი ასევე საკონსტიტუციო სასამართლოშიც შეიტანა. იგი იმ ნორმის არაკონსტიტუციორად ცნობას ითხოვს, რომლითაც იუსტიციის სამინისტრომ მის მიმართ დისციპლინური დევნა დაიწყო, მიზეზად კი პოლიტიკურად მოტივირებული Facebook პოსტი დაასახელა. სარჩელი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ერთად მომზადდა.
.