logo
ENG



ისე არ გავაკეთოთ, რომ ბავშვი თვითმკვლელობამდე მივიყვანოთ - ბრეგვაძის ადვოკატი

17 ივლ 202016:02
3 წუთის საკითხავი
 
jzhubcakx3l9znz.jpg

ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის იაკობ ბრეგვაძის გამოკითხვა საგამოძიებო ორგანოში დასრულდა. 

ფოტოგრაფის გამოკითხვა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც ბრეგვაძის უფლებადამცველი ირმა ჭკადუა აცხადებს, გამოძიებამ მისი დაცვის ქვეშ მყოფის კამერა ამოიღო და მას ექსპერტიზა ჩაუტარდება. 

ჭკადუას შეფასებით იაკობ ბრეგვაძის ბულინგი მიმდინარეობს. 

"ამოღებულია კამერა, რომელსაც ექსპერტიზა ჩაუტარდება. შეუძლიათ საერთაშორისო ექსპერტიზები ჩაატარონ. ვაპირებთ იმ ადგილზე ჩასვლას, სადაც იმყოფებოდა იაკობ ბრეგვაძე მაშინ. გადავიღებთ კადრებს თუ სად იმალებოდა. აუცილებლად გადახტება იქ არსებულ ღობეზე ჟურნალისტების თვალწინ, რომ ყველაფერი ნახოთ. ეს იმისთვის, რომ შეწყდეს სპეკულაციები. ისე არ გააკეთოთ რომ ეს ბავშვი თვითმკვლელობამდე მივიყვანოთ. მას ეძახიან სუს-ის აგენტს. სისხლიანი დაპირისპირება ყოფილა თუ არა მან არ იცის", - განაცხადა ჭკადუამ. 

ცნობისთვის, შაქარაშვილის საქმეზე დღეს კიდევ 2 მოწმე გამოიკითხა. 

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობინებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

ვრცლად გიორგი შაქარაშვილის საქმესა და გაჩენილ კითხვებზე წაიკითხეთ აქ.

 

 

 

 


close დახურვა