logo
ENG



მარნეულში მომხდარ თავდასხმაზე მარნეულის მერიის თანამშრომელი და ოცნების აქტივისტი დააკავეს

03 ოქტ 202011:13
3 წუთის საკითხავი
clock 1720

მარნეულში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე მარნეულის მერიის ავტოპარკის უფროსი, გიორგი ჯალაღონია და ქართული ოცნების აქტივისტი, გიორგი შუბითიძე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი შუბითიძემ მიმდინარე წლის 29 სექტემბერს, საღამოს, მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს, ასევე, მათ თანმხლებს. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს - გიორგი ჯალაღონიას, გამოძიებით დადგენილია, რომ მან ამავე დაპირისპირებისას ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ პირს.

"გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფორმულას ინფორმაციით, დაკავებულია მესამე ადამიანიც, თუმცა, ჯერჯერობით, მისი ვინაობა უცნობია. მესამე დაკავებულზე არაფერს ამბობს შსს-ც. 

სექტემბრის თვის ბოლოს მარნეულში რამდენიმე ინციდენტი მოხდა.

მათ შორის, ყველაზე მასშტაბური ძალადობა - 29 სექტემბერს. ქართული ოცნების ოფისთან თავს დაესხნენ მთავარი არხის ოთხ თანამშრომელს. მათ ჟურნალისტ ჯეიჰუნ მუჰამედალის სცემეს და თავი გაუტეხეს.  საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მათ გადამღებ ჯგუფსაც დაესხნენ თავს, ოპერატორს კი ფიზიკურად გაუსწორდნენ. მარნეულში ფიზიკურად გაუსწორდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრებს და მოძრაობა 2020-ის აქტივისტებს. 

თავდასხმაში ქართული ოცნების მხრიდან 10-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. დაზარალებულები მათი პასუხისმგებლობის დაყენებასაც ითხოვდნენ. მათ შორის არიან მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე და საკრებულოს წევრები. 

"ახლა მთავარია, დააკავონ ის პირები, რომლებიც ძალადობას ხელმძღვანელობდნენ: ამირან გიორგაძე - მან დააზიანა ჩემი მანქანა, ასევე, შერმადინ ბოჭოიძე, რომელიც მე და მამაჩემს ფიზიკურად გაგვისწორდა. ველოდები მათ დაკავებას". - თქვა დღეს ენმ-ის მარნეულის ოფისის წარმომადგენელმა.  

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ განხორციელდა ფიზიკური ძალადობა რამდენიმე ადამიანის მიმართ, მათ შორის არის სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელი გიორგი მუმლაძე და მედიის წარმომადგენლები.

ოპოზიციური პარტიები ძალადობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და ამბობენ, რომ ეს არჩევნებში წაგების შიშზე მიუთითებს.

ინციდენტებს გამოეხმაურა მმართველი გუნდიც და პასუხისმგებლობა ნაციონალურ მოძრაობას დააკისრა.

განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ასევე საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ და სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა, უზრუნველყონ ინციდენტების სწრაფად, სრულყოფილად და მიუკერძოებლად გამოძიება.

ხელისუფლებას ჟურნალისტების დაცვისკენ მოუწოდა კოალიციამ მედიის ადვოკატირებისთვის.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში (EMCგანაცხადეს, რომ დაუშვებელია წინასაარჩევნო პროცესებში ძალადობრივი მიდგომების გამოყენება, მით უფრო ამ პროცესში საკრებულოს წევრების მონაწილეობა. მათივე შეფასებით, საგანგაშოა, რომ მედიისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლებს თავს მათი საქმიანობის გამო დაესხნენ.


close დახურვა