logo
ENG



მარგველაშვილი: გადამწყვეტი არჩევნებია, ხელისუფლება მშვიდობიანი გზით და ხალხის ნებით შეიცვლება

31 ოქტ 202012:08
3 წუთის საკითხავი
 
7uhtnkawtq77j4p.jpg

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში უკვე მეორედ, ხელისუფლება მშვიდობიანი გზით შეიცვლება. 

მისივე განცხადებით, ქვეყანას უნდა ჰყავდეს პარლამენტი, სადაც პოლიტიკური ინტრიგების გარდა, მოქალაქეების ხმა უნდა ისმოდეს.

"ეს არის გადამწყვეტი არჩევნები. ის რასაც თქვენ ხედავთ - რიგებს საარჩევნო უბანთან, ნიშნავს მხოლოდ ერთს, რომ საქართველოში კიდევ ერთხელ, ხელისუფლება მშვიდობიანი გზით და ხალხის ნებით შეიცვლება.

ველოდები მრავალპარტიულ პარლამენტს, სადაც შედგება დებატები, კონკურენცია და ეს დებატები მისცემს შესაძლებლობას, რომ საქართველოს მოქალაქეების ხმა ისმოდეს პარლამენტში და არა პოლიტიკური ინტრიგები ერთმანეთის მიმართ. ეს იქნება მნიშვნელოვანი, ახალი ცვლილება, რადგან უკვე მეორედ მშვიდობიანი გზით საქართველოში შეიცვლება მშვიდობიანი გზით და დადგება ახალი პოლიტიკური რეალობა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

რაც შეეხება ქართული ოცნების წევრის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც ოპოზიცია ზონდერ ბრიგადებს ქმნის, მარგველაშვილი აცხადებს, რომ საკითხის არასერიოზულობიდან გამომდინარე თემაზე კომენტარს ვერ გააკეთებს. 

საქართველო დღეს მე-10 მოწვევის პარლამენტს აირჩევს. 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები თითქმის პროპორციული სისტემით ტარდება - პარლამენტის 30 მანდატი მაჟორიტარული წესით შეივსება, 120 კი - პროპორციული სიით. მეორე ტურები გაიმართება იმ მაჟორიტარულ ოლქებში, რომლებშიც ვერცერთი კანდიდატი 50%-იან მხარდაჭერაზე მეტს ვერ მოაგროვებს.

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, მეორე ტურები პირველი ტურების დასრულებიდან 3 კვირის თავზე ინიშნება. უმრავლესობის დასაკომპლექტებლად კი პარტიებს და კოალიციებს 150 საპარლამენტო მანდატიდან 76 - ის მოგროვება დასჭირდებათ.


close დახურვა