ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება.
ინფორმაცია ფორმულას სუს-ის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
უწყებაში არ აკონკრეტებენ, რასთან დაკავშირებით იკითხება კობახიძე, თუმცა სავარაუდოდ, საქმე ეხება მის მიერ არჩევნებამდე 1 დღით ადრე გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც კობახიძემ ოპოზიციის "პროვოკაციულ გეგმებზე" ისაუბრა.
კობახიძე ოპოზიციის მიერ დაგეგმილ პროვოკაციებზე არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ალაპარაკდა. მან 29 ოქტომბერს სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიები არჩევნების დღეს საჩივრების რაოდენობის ხელოვნურად გაზრდას, საუბნო კომისიებზე არაუფლებამოსილი პირების დასწრებას, საუბნო კომისიის წევრებს შორის პროცედურების საბოტაჟს, საარჩევნო დოკუმენტაციისა და ინვენტარის მოპარვას და დაზიანებას, უბნებიდან ბიულეტენების გატანას, კარუსელის გათამაშებას, საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირებას და კომისიის წარმომადგენლების ინფიცირების შესახებ ყალბი ინფორმაციების გავრცელებას გეგმავდნენ.
30 ოქტომბერს კი ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა, რომ მათ ხელთ ნაციონალური მოძრაობიდან გამოჟონილი სია აღმოჩნდა, რომლითაც ირკვეოდა, რომ დევი ჭანკოტაძეს, დიმიტრი შაშკინსა და ნიკა მელიას მობილიზებული ჰყავდათ ელექტროშოკებითა და ხელკეტებით შეიარაღებული პირები, რომლებსაც არჩევნების დღეს კონკრეტულ უბნებზე დესტრუქცია უნდა მოეწყოთ. კობახიძემ სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა, დაინტერესებულიყვნენ მის მიერ გასაჯაროვებული ინფორმაციით და დაეწყოთ მოკვლევა.
კობახიძის განცხადების საფუძველზე, შსს-მ საკითხის მოკვლევა 30 ოქტომბერს მართლაც დაიწყო.
"ჩატარდება ყველა საჭირო ღონისძიება, მათ შორის გამოკითხვები", - აცხადებდა მაშინ შსს.