logo
ENG



ამბები, რომლებიც 6 ნოემბერს უნდა იცოდე

06 ნოე 202008:30
3 წუთის საკითხავი
clock 2322
njshwhaooz8w9n3.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 6 ნოემბერს უნდა იცოდეთ

 

აქცია რკინის ბარიკადებს მიღმა​

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ. ისინი კომისიის თავმჯდომარის მიერ თანამდებობის დატოვებას მოითხოვდნენ, რადგან მიაჩნიათ, რომ თამარ ჟვანიამ არჩევნები გააყალბა.

მისთვის ხმის მისაწვდენად აქციის მონაწილეები ხელებს, ქვებსა და ჯოხებს რკინის კონსტრუქციას ურტყამდნენ, რომელიც სამართალდამცველებმა ცესკოს შენობასთან აღმართეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც. 

 

აქციის დაკავებული მონაწილეები

აქციის 4 მონაწილე დააკავეს ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიასთან მომხდარი დაპირისპირების დროს. მათ შორის - მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიც. თუმცა ზვიად კუპრავა გუშინვე გაათავისუფლეს, რადგან პარლამენტის წევრობის კანდიდატის დაკავებას საარჩევნო კოდექსი კრძალავს.

ზვიად კუპრავა ამბობს, რომ გათავისუფლების გადაწყვეტილების მიღებამდე, მოსამართლემ მას ხელწერილით გათავისუფლება შესთავაზა, რაზეც მან უარით უპასუხა. მიზეზად კი ზვიად კუპრავამ კიდევ ერთი დაკავებულის - გიორგი რურუას - პატიმრობაში დატოვება დაასახელა. გიორგი რურუა ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. რაც შეეხება დანარჩენ ორ პირს, ამ დრომდე უცნობია, სად გადაიყვანეს ისინი.  

 

ხმაური და დაპირისპირება ქუთაისში

ხმაური და დაპირისპირება იყო ქუთაისში, საოლქო საარჩევნო კომისიასთან. აქციის მონაწილეებმა შენობაში შესვლა სცადეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.

მოგვიანებით საოლქო კომისიის სხდომა ოპოზიციის წარმომადგენლებსაც დაატოვებინეს. ამის შემდეგ კი აქციის წევრებმა ჭავჭავაძის გამზირი გადაკეტეს. ოპოზიციის წარმომადგენლების პრეტენზიები შემაჯამებელ ოქმებს უკავშირდება, რომელთა უმრავლესობაც მათი თქმით, გაყალბებულია. 

 

პროტესტი საოლქო საარჩევნო კომისიებთან

გალია და საკენკი საარჩევნო კომისიასთან - აქცია პერფორმანსი მოქალაქეებმა ისნის საოლქო საარჩევნო კომისიასთან გამართეს. სამგორში კი ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი სტიკერები გააკრეს.

მთაწმინდის, სამგორის, ისნისა და საბურთალოს საოლქო კომისიებთან მოქალაქეების პროტესტის გამოსახატავად ერთდროულად მივიდნენ. ისინი ხმების ხელახლა გადათვლას ითხოვდნენ. საოლქო კომისიებთან ხმაური უკვე ორი დღეა გრძელდება. პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ კომისიები ოპოზიციური პარტიების მიერ წარდგენილ საჩივრებს არ იღებენ და მათ განხილვის გარეშე ტოვებენ.

 

ზურაბიშვილის განცხადება

საოლქო კომისიებთან გამართულ საპროტესტო აქციებს პრეზიდენტი აგრესიულ ქმედებად აფასებს. გავრცელებულ განცხადებაში სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ამ გამოსვლებით ფერხდება საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობა.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ აქციებზე ვირუსის გავრცელების საშიშროება მოიმატებს, ამისთვის კი პასუხისმგებლობას პოლიტიკურ პარტიებსა და მათ ლიდერებს აკისრებს.   

 

კობახიძის განცხადება

ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს „რევოლუციური სცენარის" შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.


როგორც ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი აცხადებს, ამის შესახებ მან წყარომ უამბო. მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა და მთლიანად ოპოზიცია, დესტრუქციული სცენარისთვის ემზადებოდა. კობახიძე ამბობს, რომ „რევოლუციური სცენარის" ავტორი მიხეილ სააკაშვილია. 

 

თავდასხმა „ქართული მარშის" კანდიდატზე

ღამით ფიზიკურად გაუსწორდნენ „ქართული მარშის" საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატს. პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატის გიორგი გაბედავას ინფორმაციით, თავდამსხმელები ქართული ოცნების ტროლები იყვნენ.

საქმეზე არავინ დაუკავებიათ. პარტიაში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით სამართლებრივ ბრძოლას დაიწყებენ.


close დახურვა