logo
ENG



თურნავა: მოლებმა უნდა მოიფიქრონ, როგორ მართონ ფასდაკლებებით გამოწვეული აჟიოტაჟური მოთხოვნა

30 ნოე 202012:53
3 წუთის საკითხავი
clock 1367

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა შეზღუდვებამდე ერთი დღით ადრე მაღაზიებთან შექმნილ ხალხმრავლობას "მიუღებელ სურათს" უწოდებს და ამბობს, რომ სავაჭრო ცენტრები, ამ მხრივ, დიდი გამოწვევის წინაშე დგანან. დღეს, 30 ნოემბრის ბრიფინგზე მინისტრმა განაცხადა, რომ ბიზნესმა უნდა მართოს "აჟიოტაჟური მოთხოვნა". 

"ის სურათი, რაც ვიხილეთ, შეზღუდვების დაწესებამდე ერთი დღით ადრე, აჟიოტაჟი, რომელიც შეიქმნა ფასდაკლებების გამო, გვაფიქრებინებს, რომ მოლებიც დიდი გამოწვევის წინაშე დგანან. მათ უკეთ უნდა მოიფიქრონ, როგორ მართონ აჟიოტაჟური მოთხოვნა, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ელემენტარულმა ფასდაკლებების აქციამ. 

ეს აქტუალური თემა იქნება, თუნდაც 24 დეკემბრის შემდეგაც. [სავაჭრო ცენტრებმა] უნდა დაგვარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ ამ პროცესის მართვა. ყოვლად მიუღებელი სურათი იყო, რომელიც ეპიდემიოლოგიურად საფრთხეს შეიცავს", - ამბობს ნათია თურნავა. 

ფასდაკლებების დღე, ე.წ. შავი პარასკევი საქართველოში ფართომასშტაბიანი შეზღუდვების ამოქმედების წინა დღეს იყო. მოქალაქეებმა ორი დღით ადრე შეიტყვეს მათთვის და ბიზნესისთვის დაწესებული შეზღუდვების  - მათ შორის გადაადგილების, სავაჭრო ობიექტების დახურვისა და კომენდანტის საათის გაზრდის შესახებ.


close დახურვა