logo
ENG



ვინ შეიჭრა კონგრესის შენობაში და რა ჯგუფებს წარმოადგენენ ისინი

07 იან 202121:28
3 წუთის საკითხავი
clock 3202
2021/01/07/c16dsfe0jvotxl2.jpg

გუშინ, 6 იანვარს კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრილთა უმეტესობა ტრამპის მხარდამჭერი დემონსტრაციის მონაწილე იყო, რომლებსაც აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა კაპიტოლიუმში შეჭრამდე 2 საათით ადრე თეთრ სახლთან სიტყვით მიმართა. დემონსტრანტები აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არ აღიარებენ და დონალდ ტრამპის მსგავსად, აცხადებენ, რომ ჯო ბაიდენი ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი არ არის.

თუმცა, მედიაში გავრცელებულ ფოტო და ვიდეომასალებში ჩანს, რომ შენობაში შეჭრილ დემონსტრანტთა შორის რამდენიმე პოლიტიკურად აქტიური ულტრამემარჯვენე ჯგუფიც იყო, რომლებიც წლებია პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერები არიან. მათ კონსპირაციული თეორიების გავრცელებისა და პროტრამპისტული მიტინგებიში მონაწილეობის მრავალწლიანი ისტორია აქვთ. 

"QAnon" 

მედიაში გავრცელებულ მასალებში ჩანს, რომ კაპიტოლიუმში შეჭრილ მომიტინგეთა შორის პოპულარული ულტრამემარჯვენე დაჯგუფებების წევრებიც იყვნენ, რომლებიც მრავალი წელია სოციალურ ქსელებში აქტიურად ავრცელებენ კონსპირაციულ თეორიებს და პრეზიდენტ ტრამპს უჭერენ მხარს. 

გუშინდელი მოვლენების დროს ერთ-ერთ ყველაზე ვირუსულად გავრცელებულ ფოტოში კაპიტოლიუმში შეჭრილ მამაკაცს თავზე ბეწვის ქუდი ახურავს და რქები ადგას, ხელში კი ამერიკის დროშა უჭირავს. მისი სახელი ჯეიკ ანჯელია და ის კოსნპირაციული, ულტრამემარჯვენე ჯგუფის, QAnon-ის წარმომადგენელია. 

 დაჯგუფება QAnon პირველად 2017 წელს, დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ შეიქმნა. ჯგუფს ასობით ათასი მიმდევარი ჰყავს, რომლებიც მრავალ ურთიერთსაწინააღმდეგო იდეებს ავრცელებენ, თუმცა მათ უმეტესობას სჯერა, რომ ამერიკის პოლიტიკურ ისტებლიშმენტში კაბალისტური, სატანის თაყვანისმცემელი პედოფილები არიან, რომლებიც ბავშვთა პორნოგრაფიის ინდუსტრიას აწარმოებენ და პრეზიდენტ ტრამპს ებრძვიან, ვინაიდან, მათი რწმენით, აშშ-ის პრეზიდენტი ადმინისტრაციის ჩაბარების დღიდან სწორედ კაბალისტურ იდეოლოგიას ებრძვის.

დაჯგუფების წარმომადგენლებს სჯერათ, რომ ოდესღაც დადგება ანგარიშსწორების დღე, როდესაც პოლიტიკური ისთებლიშმენტის წარმომადგენლები, მათ შორის 2016 წელს დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი ჰილარი კლინტონი, კანონის წინაშე პასუხს აგებენ და სიკვდილით დაისჯებიან. 

თავად ჯეიკ ანჯელის სოციალური ქსელების ანგარიშებზე მრავლად ვნახავთ მასალებს, რომელშიც ანჯელი QAnon-ის მიერ ორგანიზებულ არაერთ პოლიტიკურ და სოციალურ ღონისძიებას ესწრება. Youtube-ის არხზე მას არაერთი ვიდეომიმართვა აქვს გავრცელებული, რომელშიც პოლიტიკური პროცესების შესახებ კონსპირაციულ მოსაზრებებს ავრცელებდა. 

ასევე ინტერნეტში გავრცელებულია ვიდეომასალა, რომელშიც ანჯელი ფენიქსში არჩევნების გაყალბების პროტესტის ნიშნად გამართულ დემონსტრაციაზე სიტყვით გამოდის. 

მისი პირადი Facebook გვერდი სავსეა ექსტრემისტული იდეებისა და კონსპირაციული თეორიების ამსახველი სურათებითა და პოსტებით

ამაყი ბიჭები (The Proud Boys)

კიდევ ერთი ულტრამემარჯვენე ჯგუფი, რომელიც კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრილ დემონსტრანტთა შორის ამოიცნეს, 2016 წელს ჩამოყალიბებული "ამაყი ბიჭების" (The Proud Boys) წარმომადგენლები იყვნენ. 

ორგანიზაცია 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს ჩამოყალიბდა და ძირითადად რასისტული და ემიგრანტების საწინააღმდეგო იდეების პროპაგანდირებით არის დაკავებული. 

დაჯგუფების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ნიკ ოქსმა კაპიტოლიუმის შიგნიდან სელფიც კი გამოაქვეყნა, წარწერით - "მოგესალმებით კაპიტოლიუმიდან lol". მან ასევე შენობაში შეჭრის შემდეგ Twitter-ის პირად გვერდზე ლაივვიდეოც გამოაქვეყნა. 

"ინფლუენსერები"

კაპიტოლიუმის შიგნიდან გავრცელებულ კადრებში რამდენიმე ონლაინაქტორიც ჩანს, რომლებსაც სოციალური მედიის პლატფორმებზე მრავალრიცხოვანი მიმდევრები ჰყავთ. 

მათ შორის იყო ონლაინმედია აქტორი და "ინფლუენსერი" ტიმ ჯიონეტი, რომელსაც აუდიტორია "Baked Alaska"-ს ფსევდონიმით იცნობს. 

მან კაპიტოლიუმის შიგნიდან პირად გვერდზე ლაივსტრიმი ჩართო, რომელშიც დემონსტრანტებს სიტყვით მიმართავდა. ვიდეო ათასობით ადამიანმა ნახა. 

ჯიონეტს მედიააქტორებს შორის ონლაინტროლის რეპუტაცია აქვს. მას ხშირად "თეთრ ნაციონალისტადაც" მოიხსენიებენ. 

გასული წლის ოქტომბერში Youtube-მა მისი ანგარიშიც კი დაბლოკა, მას შემდეგ, რაც ჯიონეტი მის მიერვე გავრცელებულ ვიდეოში მაღაზიის თანამშრომლებს ავიწროებდა და პანდემიის დროს პირბადის გაკეთებაზე დემონსტრაციულად ამბობდა უარს. 

მისი ანგარიშები სხვადასხვა დროს გააუქმეს Twitter-მა და Paypal-მაც

მამაკაცი ნენსი პელოსის კაბინეტში

კიდევ ერთი ვირუსულად გავრცელებული ფოტო გუშინდელი მოვლენებიდან ნენსი პელოსის კაბინეტში შეჭრილ მამაკაცს ასახავს, რომელმაც წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს წერილი დაუტოვა, სადაც, მისივე თქმით, პელოსი უშვერი სიტყვებით მოიხსენია. 

მედიის ცნობით, მამაკაცი არკანზასის შტატის მცხოვრები რიჩარდ ბარნეტია. ადგილობრივი მედიის ცნობით, ბარნეტი ტრამპის აქტიური მხარდამჭერია, თანამშრომლობს იარაღის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებთან და აქტიურად მონაწილეობს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების არაღიარების მიზნით გამართულ დემონსტრაციებში. 

კაპიტოლიუმის შენობაში ტრამპის მხარდამჭერების შეჭრას 4 ადამიანის სიკვდილი მოყვა, დაშავდა რამდენიმე სამართალდამცავი. მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრანტებმა ორპალატიანი სხდომის ჩაშლა სცადეს ამერიკის კონგრესმა შენობის მომიტინგეებისგან გათავისუფლების და სხდომის გაგრძელების შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ოფიციალურად მაინც დაამოწმა. 

მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი და რესპუბლიკელების ნაწილი სამი თვეა აშშ-ის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ, დემოკრატი კანდიდატის ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს შედგება, თეთრი სახლის ადმინისტრაციას კი ტრანზიციის პროცესი უკვე დაწყებული აქვს. 

მასალა მომზადებულია BBC-ის მიხედვით


close დახურვა