logo
ENG



ბუწაშვილი: დავრწმუნდით, რომ თუ წესებს დავიცავთ, ჩაკეტვის რეჟიმი არ არის აუცილებელი

15 იან 202114:57
3 წუთის საკითხავი
clock 1131
2021/01/15/wgc937jdnrptw1d.jpg

ეპიდემიოლოგი მაია ბუწაშვილი აცხადებს, რომ რეგულაციების წინასაახალწლო მოხსნამ ცუდი ეპიდემიოლოგიური შედეგი არ გამოიღო. ბუწაშვილი მიიჩნევს, რომ თუ მოსახლეობა წესებს დაიცავს, ჩაკეტვა არ არის აუცილებელი.

როგორც Facebook-ზე ბუწაშვილი წერს, შეუძლებელია, ჩვეულებრივ დღეებში იმდენი ადამიანი გაეშუროს სავაჭრო დაწესებულებებისკენ, რამდენიც დეკემბრის ბოლოს იყო. 

"უკვე საკმარისი დრო გავიდა იმის დასამტკიცებლად, რომ რეგულაციების წინასაახალწლო მოხსნამ ცუდი ეპიდემიოლოგიური შედეგი არ გამოიღო. სოციალურ ქსელში სულ ტყუილად მიმდინარეობდა იმ ხალხის შეჩვენება, ვინც მაღაზიებში დადიოდა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ თუ წესებს დავიცავთ, ჩაკეტვის რეჟიმი არ არის აუცილებელი. არც შეზღუდვების თებერვლამდე გადავადება მგონია გამართლებული", - აცხადებს ბუწაშვილი.

მისი თქმით, გარკვეული წესების დაცვის შემთხვევაში, შესაძლებელი იყო ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენაც. ეპიდემიოლოგი მიიჩნევს, რომ უნდა გამონახულიყო გზები, რომ ავტობუსების რაოდენობა დამატებულიყო, რითაც დისტანციის დაცვის შესაძლებლობა გაჩნდებოდა.

"ასევე, თითო ავტობუსზე მომხდარიყო ერთი ისეთი კონტროლიორის უზრუნველყოფა, რომელიც ნამდვილად გაუწევდა ზედამხედველობას წესების დაცვას. ასე ავირიდებდით თავიდან ამ ერთ-ერთ ყცველაზე მტკივნეულ შეზღუდვას, რაც ზუსტად იმ სეგმენტს აზარალებს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს, - წერს ბუწაშვილი.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან ქვეყანაში ახალი საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა. მათ შორის, მოქმედებს გადაადგილებაზე შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე. 

24 დეკემბრამდე დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში, ასევე სათხილამურო კურორტებზე: ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში სურსათის მაღაზიების, სილამაზისა და სპა სალონების გარდა, დაკეტილი იყო ყველა სხვა სავაჭრო ობიექტი.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სავაჭრო ცენტრები და მოლები მხოლოდ 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით გაიხსნა. ამავდროულად, ეპიდემიოლოგები აცხადებდნენ, რომ სავაჭრო ცენტრებისა და მოლების გახსნა, ეპიდვითარებას გააუარესებდა. 

რაც შეეხება ტრანსპორტს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მსხვილ ქალაქებში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. 16 იანვრიდან 31 იანვრამდე კვლავ უნდა განეახლებინა მუნიციპალურ ტრანსპორტს (გარდა შაბთ-კვირისა);

თუმცა, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები 1-ლ თებერვლამდე გახანგრძლივდა. 18 იანვრიდან მოლების, ბაზრობების და ტრანპორტის გახსნა იგეგმებოდა, თუმცა, მთავრობამ ეს გადაწყვეტილება შეცვალა. ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ სავაჭრო ქსელების გარდა სხვა სფეროებისა და ტრანსპორტის გახსნასთან დაკავშირებით, საკოორდინაციო საბჭო იანვრის ბოლოს იმსჯელებს.

ამავდროულად, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თავმჯდომარის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ 1 თებერვლიდან სავაჭრო სექტორი "ფაქტობრივად მთლიანად გაიხსნება". მისი თქმით, გადაწყვეტილება საბოლოოა და არ შეიცვლება. 

 

 


close დახურვა