logo
ENG



კვირას თბილისში მშობლები საპროტესტო აქციას გამართავენ

22 იან 202116:18
3 წუთის საკითხავი
clock 1890

"მშობლები ვითხოვთ გეგმავს!" - ამ სახელწოდებით კვირას, 24 იანვარს თბილისში, მზიურის პარკში, 16:00 საათზე აქცია გაიმართება.

აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მათთვის უცნობია, როდის გაიხსნება სკოლები და ბაღები. ისინი კონკრეტულ გეგმას ითხოვენ:

"უკვე მესამე სასწავლო სემესტრია საქართველოში დახურულია საბავშვო ბაღები, სკოლები და სხვა საგანმანათლებლო თუ სააღმზრდელო დაწესებულებები. მთელი ამ ხნის მანძილზე, სკოლაში სწავლა მიმდინარეობს ონლაინ რეჟიმში. ონლაინ ვერ ფუნქციონირებს ბაღები და ინტერნეტთან წვდომის არქონის გამო, ათასობით ბავშვი მოკლებულია განათლების მიღების შესაძლებლობას. დიდ ქალაქებს მიღმა, სადაც აღდგა სასწავლო პროცესი, დაცული არ არის ჰიგიენისა და უსაფრთხოების ნორმები, რის გამოც, იზრდება ბავშვების კოვიდ-19-ით ინფიცირების რისკები.

მშობლებს გააზრებული გვაქვს პანდემიის საფრთხეები და ის რისკები, რაც საგანმანათლებლო დაწესებულებების ამუშავებას, მობილობის გაზრდას ახლავს თან. თუმცა, ვეყრდნობით რა UNICEF-სა და სპეციალისტების დასკვნებს, მიუღებლად მიგვაჩნია ბაღებისა და სკოლების, ასევე განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვთა საგანმანათლებლო დაწესებულებების ასეთი ხანგრძლივი ვადით, ნათელი და თანმიმდევრული გეგმის გარეშე დახურვა.

2020 წლის გაზაფხულზე, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ანტიკრიზისული გეგმა განათლების სექტორის გახსნას ყველაზე ბოლო ეტაპზე ითვალისწინებდა. ახლა კი, ჩვენთვის საერთოდ უცნობია რა ეტაპზე იგეგმება სკოლებისა და ბაღების გახსნა. მშობლები ვითხოვთ გეგმას! რომელიც მაქსიმალურად მოემსახურება ბავშვების საუკეთესო ინტერესს, გაითვალისწინებს მშობლებისა და პედაგოგების მდგომარეობას და არ დატოვებს განათლების, ზრუნვისა და განვითარების სერვისების მიღმა ჩვენს შვილებს", - ნათქვამია განცხადებაში.

კიდევ ერთი აქცია გაიმართება 25 იანვარს, ორშაბათს, 18:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან. აქციის მოთხოვნა საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენაა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სკოლები პირველ მარტამდე არ გაიხსნება.


close დახურვა