logo
ENG



ჩხოროწყუს მერი: ჩემს გადადგომას ენმ ითხოვს, ასეთი აქციები თრგუნავს ბავშვთა ფსიქოლოგიას

03 თებ 202114:28
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/03/iklvb5edix3lq50.png

ჩხოროწყუს მერი დავით გოგუა მერიის წინა მიმდინარე აქციას ეხმაურება, სადაც მოსწავლეების მიერ ჩხოროწყუს მერიის საპირფარეშოების დასუფთავების გამო მის გადადგომას ითხოვენ და აცხადებს, რომ მსგავსი აქციები თრგუნავს ბავშვების ფსიქოლოგიას. ამასთან, გოგუა აცხადებს, რომ აქცია პოლიტიკურია და მის გადადგომას, ძირითადად, ნაციონალური მოძრაობა ითხოვს. ჩხოროწყუს ერთერთი სკოლის მოსწავლეებს მიერ მერიის შენობის საპირფარეშოს დასუფთავების კადრები 31 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდაბავშვების თქმით, მათ არ იცოდნენ, რომ საპირფარეშოს დასასუფთავებლად მიყავდათ. 

გოგუას თქმით, აქციის მონაწილეებს ბავშვების ბედი არ აინტერესებთ და თემის პოლიტიზირება სურთ. როგორც ფორმულასთან საუბარში გოგუა აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ საქმის კურსში არ იყო, ის მომხდარზე მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობს.

"ჩემს გადადგომას ნაციონალური მოძრაობის გარკვეული დაჯგუფება ითხოვს. ჩხოროწყუელია 15 კაცი, დანარჩენი 20-30 ჩამოსულია ზოგი ხობიდან, ზოგი თბილისიდან, ზოგი ზუგდიდიდან. ვგმობთ ამ ფაქტს და მიუღებელია ჩვენთვის. მით უმეტეს, ბავშვების ფსიქიკა ძალიან ფაქიზია და ასეთი აქციები და ასეთი დამოკიდებულება პირდაპირ ურტყამს და თრგუნავს ბავშვების ფსიქოლოგიას. აქციის მონაწილეები ხელს უწყობენ სიძულვილის ენას", - აცხადებს გოგუა.

მერის განცხადებით, ის პირადად არის დაინტერესებული, რომ საქმის გარშემო პასუხგაუცემელი კითხვები არ დარჩეს. დავით გოგუა აცხადებს, რომ უმკაცრესად დაისჯება ყველა, ვისაც ბავშვების მიერ საპირფარეშოების დალაგებაში პირდაპირი ან ირიბი შეხება მაინც ქონდა.

ჩხოროწყუს საგანმანათლებლო რესურსცენტრში აცხადებენ, რომ მათ არ იცოდნენ თუ სად მიდიოდნენ ბავშვები და როგორც კი საქმის დეტალები გაიგეს, ინფორმაცია შსს-ს მიაწოდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.

თავის მხრივ, მოსწავლეები ფორმულასთან საუბარში აცხადებენ, რომ მათ არ იცოდნენ, რომ საპირფარეშოების დასასუფთავებლად მიყავდათ. ბავშვების თქმით, ისინი საპირფარეშოების დასასუფთავებლად ეთერ ჯაფარიძემ წაიყვანა. 

ჩხოროწყუს მერის, დავით გოგუას თქმით, ეთერ ჯაფარიძე მერიის დასუფთავების სამსახურის ყოფილი თანამშრომელია და მას ხელშეკრულება 31 დეკემბერს ამოეწურა. 

თავად ჯაფარიძე კი აცხადებს, რომ მომხდარს არ ნანობს. 

"დასანანი აქ არაფერია. როცა მთლიანად აქცია კეთდება და დედამიწის დღეს ორდღიანია და ყველა ბავშვები ტყესა და ღრეში რომ არიან, ის დანაშაული არის თუ არა?", - აღნიშნავს ჯაფარიძე.

რაც შეეხება სკოლის დირექტორს, მისი თქმით, ეთერ ჯაფარიძემ განუცხადა, რომ იყო დასუფთავების პროექტი და ამ პროექტში სხვადასხვა სკოლები იყვნენ ჩართულნი. დირექტორის თქმით, მისი ინფორმაციით, ჯაფარიძე დასუფთავების თანამშრომელი იყო.

საქმეზე მოკვლევა დაიწყო განათლების სამინისტრომაც. 

მომხდარს გამოეხმაურა პრემიერი გიორგი გახარიაც და განაცხადა, რომ საქმეზე გამოძიებასაც და ხელისუფლებასაც უმკაცრესი რეაგირება ექნებათ.

დავით გოგუას გადადგომის მოთხოვნით მერიის წინ აქციები მეორე დღეა მიმდინარეობს. აქციების მონაწილეები მერის გადადგომასთან ერთად ითხოვენ, დაისაჯოს ყველა პასუხისმგებელი პირი, ვისაც შემხებლობა ჰქონდა მოსწავლეების მიერ მერიის საპირფარეშოების დასუფთავებასთან.

 

 

 


close დახურვა