logo
ENG



ჯანდაცვის სამინისტრო: კვირის ბოლოს გახდება ცნობილი თუ როდის მიიღებს საქართველო ვაქცინას

25 თებ 202111:47
3 წუთის საკითხავი
clock 294
ჯანდაცვის სამინისტრო: კვირის ბოლოს გახდება ცნობილი თუ როდის მიიღებს საქართველო ვაქცინას

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეკატერინე ტიკარაძის ხელმძღვანელობით, კოვიდ-19-ის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისო საკოორდინაციო კომისიის სხდომა გაიმართა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, „კოვაქსის“, „ფაიზერის“ და საქართველოს მხარის მონაწილეობით კიდევ ერთი კონსულტაცია კვირის ბოლომდე შედგება, რის შემდეგაც ცნობილი გახდება ზუსტი დრო, თუ როდის მიიღებს ქვეყანა ვაქცინას.

"საბჭოს ფორმატში ჩვენ ვაქცინაციასთან დაკავშირებით ვიმსჯელეთ, რომელიც ქვეყანაში მთავარ პრიორიტეტად რჩება. ხელისუფლება რამდენიმე მიმართულებით მუშაობს აქტიურად, რათა საქართველოში ვაქცინები, COVAX-პლატფორმასთან ერთად, სხვა ალტერნატიული გზებითაც იყოს ხელმისაწვდომი", - განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრის განცხადებით, ასტრაზენეკას ვაქცინასთან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია როგორც კოვაქსის პლატფორმის საშუალებით, ასევე უშუალოდ ასტრაზენეკასთან.

24 თებერვალს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველო ასტრაზენეკას ვაქცინის ასეულობით ათას დოზას მარტის ბოლოს მიიღებს, თუ მწარმოებლებმა არ დააღალატეს. 

გამყრელიძის განცხადებით, ფაიზერმა და მოდერნამ ევროკავშირთან დადებული ხელშეკრულება ვერ შეასრულეს და სწორედ ამიტომ დაუგვიანდა საქართველოს მათ მიერ წარმოებული ვაქცინების მიღება.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია იმედოვნებს, რომ თებერვლის ბოლოს შეპირებულ ვაქცინას საქართველო მარტის პირველ ორ კვირაში მიიღებს. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მან განმარტა, რომ მიმდინარე კვირაში კონსულტაციები იგეგმება კოვაქს პლატფორმას, ფაიზერსა და საქართველოს შორის, რათა განსაზღვრონ თარიღის მიღების დრო.


close დახურვა