logo
ENG



კრიტიკის შემდეგ ზალკალიანმა უკრაინელ კოლეგასთან დონბასში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა

07 აპრ 202118:12
3 წუთის საკითხავი
clock 2108
2021/04/07/16p4nzvnnquxqe4.jpg

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი Twitter-ზე წერს, რომ დონბასში არსებული მწვავე ვითარების შესახებ უკრაინელ კოლეგას დმიტრო კულებს ესაუბრა, ზალკალიანის განცხადებას წინ უსწრებდა ესტონეთის ექსპრეზიდენტის და პოლიტიკური ოპოზიციის კრიტიკა ქართული მხარის დუმილთან დაკავშირებით. 

"მქონდა სატელეფონო საუბარი ჩემს კოლეგა დმიტრო კულებასთან", - წერს ზალკალიანი, -"გამოვხატე შეშფოთება აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ბოლო დროინდელი მოვლენების გამო. გავცვალეთ ინფორმაცია საქართველოსა და უკრაინაში რუსული ოკუპაციის ფონზე არსებული ვითარების შესახებ და გავამახვილეთ ყურადღება დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის მნიშვნელობაზე". 

უკრაინაში, დონბასში ვითარება რამდენიმე კვირაა, დაძაბულია. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ სეპარატისტები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას სისტემატურად არღვევენ. დაიღუპა რამდენიმე უკრაინელი სამხედრო. 

გუშინ რუსეთის ხელისუფლებამ სამხედრო გაერთიანებებში საბრძოლო მზადყოფნის შეფასება დაიწყო, რაც საერთაშორისო პოლიტიკის მიმომხილველების მხრიდან სამხედრო კონფლიქტის საფრთხის გამწვავებად შეფასდა. საქართველოს ხელისუფლებას კრემლის სახიფათო ნაბიჯები ამ დრომდე არ შეუფასებია, გადაწყვეტილებიდან მეორე დღეს კი ზალკალიანმა უკრაინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადება გაავრცელა. 

მანამდე ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ტოომას ჰენდრიკ ილვესმა Twitter-ზე განცხადება გაავრცელა და უკრაინაში კრემლის სახიფათო ნაბიჯების შესახებ ქართული მხარის დუმილის გამო გაკვირვება გამოხატა. 

"როდესაც 2008 წელს საქართველოში შეიჭრნენ, მე არა მხოლოდ ხმა ავიმაღლე, არამედ ჩავფრინდი ადგილზე, ცხელი საომარი კონფლიქტის დროს. მეც გაკვირვებული ვარ. რატომ გგონიათ, რომ მსოფლიო თანამეგობრობა თქვენ მიმართ რუსულ ოკუპაციას დაგმობს, თუ თავად თვალსაც არ ახამხამებ, როცა მეზობელს [უკრაინას] ემუქრებიან", - დაწერა ილვესმა. 

საქართველოს ხელისუფლების პასიურობა ოპოზიციამაც გააკრიტიკა, ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, მიმდინარე კონფლიქტში უკრაინის აქტიური მხარდაჭერა, პირველ რიგში, საქართველოს ეროვნულ ინტერესებში შედის. 

"რეალობა არის ის, რომ ჩვენი ეროვნული სტრატეგიული ინტერესია, არა მარტო მორალური ვალდებულება, რომ უკრაინელ ხალხს მხარი დავუჭიროთ, როგორც ჩვენ მხარს გვიჭერდნენ ბალტიისპირეთის ქვეყნები და მათი პოლიტიკოსები", - ამბობს ბოკერია, - "მორალურად კი, ეს ყველაფერი სირცხვილია". 

30 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, რუსლამ ხომჩაკმა თქვა, რომ რუსეთმა ე.წ საზღვართან სამხედრო ძალები გაააქტიურა და ოკუპირებული დონბასის ტერიტორიაზე წვრთნებით ინიღბება, თუმცა, გეგმავს, საფრთხე შეუქმნას უკრაინის სამხედრო უსაფრთხოებას. 

კრემლი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ "რუსეთს საკუთარი შეხედულებისამებრ გადაჰყავს ჯარი საკუთარ ტერიტორიებზე და ეს სხვა ქვეყნებს არ ეხება". 

3 აპრილს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდელი ტელეფონით ელაპარაკა. როგორც ზელენსკიმ თქვა, ბაიდენმა ის დაარწმუნა, რომ "უკრაინა არასდროს დარჩება მარტო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ". 


close დახურვა