logo
ENG



EMA-მ თრომბსა და AstraZeneca-ს ვაქცინას შორის, იშვიათ შემთხვევებში, შესაძლო კავშირი დაადგინა

07 აპრ 202119:08
3 წუთის საკითხავი
clock 1594
EMA-მ თრომბსა და AstraZeneca-ს ვაქცინას შორის, იშვიათ შემთხვევებში, შესაძლო კავშირი დაადგინა

EMA-მა (ევროპის მედიცინის სააგენტო) თრომბსა და AstraZeneca-ს ვაქცინას შორის, იშვიათ შემთხვევებში, შესაძლო კავშირი დაადგინა.   

ამ დასკვნის გასაკეთებლად EMA-ს კომიტეტმა მხედველობაში მიიღო ყველა არსებული, მათთვის ცნობილი შემთხვევა, ასევე, ექსპერტთა დროებითი ჯგუფის რჩევები. 

სააგენტო აცხადებს, რომ ბრიტანული ვაქცინით აცრის შემდეგ თრომბის იშვიათი შემთხვევა 25 მილიონი აცრილი ადამიანიდან მხოლოდ 86-ს განუვითარდა, შემთხვევების უმეტესობა 60 წლამდე ზრდასრულ ქალებზე მოდის. 

EMA-ის რისკის შეფასების კომიტეტის ცნობით, იშვიათი, შესაძლო გვერდითი ეფექტები ტვინის სისხლძარღვებში, არტერიებსა და მუცლის ღრუში თრომბის შემთხვევებს, სისხლში თრომბოციტების მცირე რაოდენობასა და იშვიათ შემთხვევებში, სისხლდენას მოიცავს. 

სააგენტო ვაქცინის მომხმარებლებს მოუწოდებს, მიმართონ სამედიცინო დახმარებას შემდეგი გვერდითი მოვლენების შემთხვევაში: 

  • სუნთქვის უკმარისობა
  • ტკივილი გულ-მკერდის არეში
  • ოფლიანობა ქვედა კიდურებში
  • განგრძობითი ტკივილი მუცლის ღრუს არეში
  • ნევროლოგიური სიმპტომები, თავის არეში განგრძობითი და მწვავე ტკივილის და ბუნდოვანი მხედველობის ჩათვლით
  • მცირე ზომის სისხლის ლაქები კანის ქვეშ, ნანემსარის მიმდებარედ

სააგენტოს განცხადებას წინ უსწრებდა ბრიტანეთის ვაქცინაციის საბჭოს საჯარო რეკომენდაცია, 30 წლამდე ზრდასრულ პაციენტებში ალტერნატიული ვაქცინის გამოყენებაზე.

AstraZeneca-ს ვაქცინაციის თანმდევი, შესაძლო ჯანმრთელობის რისკების შესახებ მოკვლევა უკვე ერთ თვეზე მეტია მიმდინარეობს, თუმცა მასობრივი ვაქცინაციისთვის ბრიტანული ვაქცინის გამოყენება ამ დრომდე არცერთ ქვეყანას არ შეუწყვეტია.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისთვის 70-ზე მეტ ქვეყანაში არის დამტკიცებული, მათ შორის, ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანაში. 

საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინით სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო, 65 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის AstraZeneca-სა 25 მარტიდან, 55 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის კი 3 აპრილიდან გახდა ხელმისაწვდომი.

ვაქცინის მიმართ საზოგადოების ნდობა 18 მარტის შემთხვევამ შეარყია, როდესაც AstraZeneca-თი ვაქცინაციიდან 30 წუთში ექთანი მეგი ბაქრაძე კომაში ჩავარდა, მეორე დღეს კი ამ დრომდე დაუდგენელი მიზეზით - გარდაიცვალა. 

ექთნის გარდაცვალების მიზეზებს ამ დრომდე იკვლევს ლუგარის ლაბორატორია, თუმცა მანამდე, ჯანდაცვის ექსპერტები და ხელისუფლების წარმომადგენლები ვაქცინის უსაფრთხოებაზე საუბრობენ და მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ. 

55 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის AstraZeneca-ს ვაქცინის გარდა Pfeizer-ის ვაქცინაც არის ხელმისაწვდომი, თუმცა ვაქცინაციის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ვაქცინის სარეგისტრაციო ველი სრულად არის შევსებული, განსხვავებით AstraZeneca-სგან, რომელიც მიმართვიანობის მაჩვენებლით Pfeizer-ის ვაქცინას მნიშვნელოვნად ჩამორჩება. 

 


close დახურვა