logo

მთავრობა: ღონისძიებისთვის ფართის გადაცემა იკრძალება, ინსპექციას შეუძლია შენობის დალუქვაც

08 აპრ 202114:01
3 წუთის საკითხავი
clock 141

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქორწილების, ქელეხებისა და დაბადების დღეების, ასევე, მასობრივი გასართობი ღონისძიების გამართვის მიზნით ფართის გადაცემა ან დათმობა იკრძალება. შესაბამისი რეგულაცია უკვე ამოქმედდა.

"დადგენილება ფართის მფლობელს ავალდებულებს, მიიღოს ყველა გონივრული ზომა, მათ შორის, ხელშეკრულებით კონკრეტული შეზღუდვის დაწესების გზით, რათა თავიდან იყოს აცილებული ფართის გამოყენება დადგენილებით აკრძალული მიზნებისთვის. ამასთან, ფართის მესაკუთრე ვალდებულია, დარღვევის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის სამსახურებს", - ამბობენ მთავრობაში.

მათი თქმით, "თუ აკრძალული ღონისძიების გამართვას ახლავს კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული მოთხოვნების დარღვევა, შრომის ინსპექციის სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, უფლებამოსილია, დროებით შეზღუდოს გარეშე პირთა შესვლა ობიექტზე". მათივე განცხადებით, ობიექტზე უნებართვოდ შესვლა, ლუქის ახსნა ან შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ ამ ობიექტზე დაწესებული მოთხოვნების უგულვებელყოფა დაუშვებელია.

"როგორც ცნობილია, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ქვეყანაში შეზღუდულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის ისეთი თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებაში დამკვიდრებულ სოციალურ ღონისძიებებთან, როგორიცაა მათ შორის ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ", - ნათქვამია განცხადებაში.

close დახურვა