logo
ENG



გაბუნია: შესაძლოა, დაწესებულებას, სადაც პერსონალის 80% აიცრება, მიენიჭოს უსაფრთხოს ნიშანი

08 აპრ 202115:31
3 წუთის საკითხავი
clock 493
გაბუნია: შესაძლოა, დაწესებულებას, სადაც პერსონალის 80% აიცრება, მიენიჭოს უსაფრთხოს ნიშანი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსზე ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის, შესაძლოა ბიზნესებისთვის შეიქმნას წამახალისებელი მექანიზმი. კერძოდ, მთავრობა მუშაობს იდეაზე, რომ თუ დაწესებულების პერსონალის 80% ან მეტი იქნება აცრილი, მათ "უსაფრთხო სტატუსი მიენიჭოთ.

"ბევრი ქვეყანა იყენებს გარკვეულწილად დადებით სტიმულებს, იმისათვის, რომ წახალისდეს ბიზნესგარემოში ვაქცინაციის პროცესი. ამ შემთხვევაში, ვაქცინირებულთა რაოდენობის მიხედვით, შესაძლოა ვიფიქროთ, რომ იმ დაწესებულებას სადაც დასაქმებულთა 80% ან მეტი ვაქცინირებული იქნება მიენიჭოს გარკვეული ნიშანი უსაფრთხო გარემოს შესახებ. ეს, ჯერჯერობით კონცეფციის დონეზეა. მანვე ხაზი გაუსვა, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და მისი ვალდებულება არცერთ ეტაპზე არ განიხილება", - ამბობს თამარ გაბუნია. 

მსგავსი ინიციატივის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამაც განაცხადა. რუსთავი 2-ზე "ღამის კურიერში" საუბრისას მინისტრმა თქვა, რომ მუშაობა მიმდინარეობს უსაფრთხო რესტორნის, უსაფრთხო ღამის კლუბის, უსაფრთხო სასტუმროს სტატუსებზე, რამაც მისივე მტკიცებით ადგილობრივები და ტურისტები უნდა მიიზიდოს.

"ჩვენ ამასაც ვიხილავთ და ვმუშაობთ, რომ უსაფრთხო რესტორნის, უსაფრთხო ღამის კლუბის, უსაფრთხო სასტუმოს სტატუსები იყოს, რომელიც იქნება იმავდროულად მიმზიდველი არამარტო ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არამედ ტურისტებისთვის.

თქვენ იცით, რომ ჩვენ მიუხედავად ყველა მოლოდონისა და რისკისა მაინც გადავწყვიტეთ, რომ გაგვეხსნა საერთაშორისო ფრენები, გაგვეხსნა ჩვენი ბაზარი საერთაშორისო ვაქცინირირებული ტურისტებისთვის, იმიტომ რომ ეს ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია," - განაცხადა ნათია თურნავამ.


close დახურვა