logo
ENG



გოლეთიანი: თუ ფიქრობენ, რომ 100 წელი გადაკეთდება 49 წლად, პრობლემა ვერ მოგვარდება

09 ივნ 202116:21
3 წუთის საკითხავი
 
გოლეთიანი: თუ ფიქრობენ, რომ 100 წელი გადაკეთდება 49 წლად, პრობლემა ვერ მოგვარდება
ვახო ქარელი/ფორმულა

"რიონის ხეობის მცველი" ვარლამ გოლეთიანი ეხმაურება პრემიერის განცხადებას, ნამახვანჰესის პროექტის არსებული პირობებით არგაგრძელებაზე და ამბობს, რომ 100 წლის 49 წლით გადაკეთება პრობლემას ვერ მოაგვარებს და ამით "არ უნდა მოტყუვდნენ".

მისივე განცხადებით, სასურველი იყო, ჯერ მათ შეხვედროდა ხელისუფლება და შემდეგ ინვესტორს. გოლეთიანის შეფასებით, ხელისუფლების მხრიდან სიტუაციიდან გამოძრომის ნიშნები იკვეთება. 

"მნიშვნელოვანია აქ, რომ პრობლემა დაერქვა საკითხს და მემკვიდრეობით ერგო [პრემიერს]. ვინ წარმოაჩინა ეს პრობლემები, საინტერესოა. საკუთარ თავსაც ჰკითხონ ამ ადამიანებმა, ფაქტია, ჩვენ მხარედ არ გვთვლიან. [...]

სასურველი იყო, ჯერ ჩვენ შეგვხვედროდა, პრობლემების სრულ სპექტრს ვეტყოდით, ამის შემდეგ ემსჯელათ ინვესტორებთან. სიტუაციიდან გამოძრომის ნიშნები იკვეთება რადგან ჩვენ არ გველაპარაკებიან. [...]

თუ ვინმე ფიქრობს, რომ 100 გადაკეთდება 49-ად და ეს იქნება ამ პრობლემის მოგვარება, წინასწარ შემიძლია ვტქვა რომ ეს არ იქნება პრობლემის გადაწყვეტა. ეს საერთოდ არაფერს არ ცვლის. ზუსტად იგივე მოხდება ხეობაში, რაც გადაკეთების გარეშე. მე დარწმუნებული ვარ, ამ ცვლილებაზეა საუბარი", - ამბობს გოლეთიანი. 

მისივე თქმით, ჩანს, რომ ხელისუფლებაში შინაარსობლივად ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების გაკეთება გრძელდება.

"პირველ რიგში, რაც იკვეთება ამ პატარა გამოსვლიდან, არის ის, რომ გუნდს არ აქვს საერთო პოზიცია საკითხთან დაკავშირებით. თუ პრემიერისთვის კრიტიკულად შეუსაბამოა ის პირობები, რითაც გაფორმდა ეს ხელშეკრულება, რომ ვერ გაგრძელდება პროექტი ამ პირობებით, ფაქტია, რომ ამას ასე არ ფიქრობს ეკონომიკის მინისტრი, სხვადასხვა სახელისუფლებო წრეების ესა თუ ის წარმომადგენელი", - თქვა მან. 

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ნამახვანჰესის პროექტი არსებული პირობებით არ გაგრძელდება და ამ საკითხზე ინვესტორთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. 

"ნამახვანჰესის პრობლემა მე მემკვიდრეობით დამხვდა. ასევე მინდა გითხრათ, რომ ამაზე მე აქტიურად ვმუშაობ. იმ პირობებით, რა პირობებითაც ახლა ეს პროექტი არის, 100 წელი და ა.შ. მე შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი პირობებით ჩვენ არ გავაგრძელებთ პროექტს. ეს ერთი", - თქვა მან. 

შაბათს, 12 ივნისს დაგეგმილია შეხვედრა ხელისუფლებასთან - როგორც ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თქვა, ევროკავშირის თაოსნობით მედიაციის პროცესი იწყება. 

ვარლამ გოლეთიანის თქმით, შაბათის მოლაპარაკებებზე იქნება დამოკიდებული, ჩატარდება თუ არა მორიგი ფართომასშტაბიანი აქცია.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციები რამდენიმე თვეა იმართება. 23 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით აქციის მონაწილეები ჰესის მშენებლობას თბილისში აპროტესტებდნენ. შემდეგ კი ხეობაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს.

"რიონის მცველების" მოთხოვნებია:

  • შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ენკამ დატოვოს რიონის ხეობა;
  • გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
  • გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში;
  • თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა;
  • დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ჩართულია ამ პროექტში - აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ნათია თურნავას მიმართ, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს.

აღსანიშნავია, რომ 25 მაისს, მედიაგამოცემა მთის ამბებმა მოიპოვა იუსტიციის სამინისტროს დასკვნა, რომელიც უარყოფითად აფასებს ნამახვანჰესის ხელშეკრულებას.

 

 


close დახურვა