logo
ENG



შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებას ითხოვს

17 ივნ 202113:45
3 წუთის საკითხავი
clock 876
2021/06/17/oja5yc1abgz1p6g.jpg

ფრაქცია შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებას ითხოვს. 

ფრაქციის თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის თქმით, მოსამართლეთა დანიშვნები უნდა შეჩერდეს მანამ, სანამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმების განხილვა პარლამენტში არ დაიწყება.

როგორც სამნიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე თქვა შარლ მიშელის დოკუმენტის თანახმად, რომ მოსამართლეების დანიშვნა უნდა შეჩერდეს.

"შეთანხმების შესაბამისად, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმა და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ მოსამართლეების დანიშვნებზე. დოკუმენტში მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებით პარლამენტში ერთი შეხვედრის გარდა არ გამართულა, რაც ნიშნავს იმას, რომ ქართული ოცნება აძლევს სივრცეს კლანს რომ მოასწროს ეს დანიშვნები", - თქვა სამნიძემ.

დღეს, 17 ივნისს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა - მოსამართლეთა სია დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი, ამბობს, რომ დღესვე იგეგმება 100 მოსამართლის დანიშვნა, წარდგენა და გადაყვანა: 9 - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის წარდგენა, 88 - ქვედა ინსტანციაში დანიშვნა, 8 - ქვედა ინსტანციაში გადაყვანა.

26 მაისს, მოსამართლეთა კონფერენციამ საბჭოს 4 მოსამართლე წევრი აირჩია, რაც უმეტესობამ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის დარღვევად მიიჩნია.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი შეთანხმების დოკუმენტით, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ საარჩევნო რეფორმის გატარებამდე, რომელიც უნდა დაეფუძნოს ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის დასკვნას, პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების მოქმედი წესით დანიშვნისგან.

ასევე, დოკუმენტის მიხედვით, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმირება, გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერების და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით. რეფორმა უნდა მოიცავდეს დანიშვნების, შერჩევის, დაწინაურების და დისციპლინარული ზომების სფეროსაც. რეფორმების შესაფასებლად მოთხოვნები შედგება და გაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირ-ს, მათი რეკომენდაციები კი სრულად უნდა იქნას გათვალისწინებული.

21 მაისს დიპლომატებმა პარლამენტის თავმჯდომარეს ღია წერილით კი მიმართეს და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშვნების შეჩერება სთხოვეს, რაზეც კუჭავამ ასევე წერილით უპასუხა - მისი თქმით, პროცესს ვერ შეაჩერებდა.

აშშ-ის ელჩმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდა, მოსამართლეთა შერჩევა ივლისამდე გადადოს. 

 


close დახურვა