logo
ENG



კახიშვილი დეგნანზე: ვიმედოვნებ, რეკომენდაციის ტონი იყო და არა მითითების

22 ივნ 202115:36
3 წუთის საკითხავი
clock 1366

"ვიმედოვნებ, რომ მითითების ტონი არ იყო, უბრალოდ იყო რეკომედაციის ტონი", - ასე ეხმაურება ქართული ოცნების წევრი კახა კახიშვილი მოსამართლეების დანიშვნის თემაზე აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის განცხადებას. დეგნანმა დღეს, 22 ივნისს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ პარლამენტი ვალდებულია, შეაჩეროს უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი, როგორც ეს გათვალისწინებულია 19 აპრილის შეთანხმებით.

როგორც კახიშვილი ფორმულას გადაცემა კომენტარში ამბობს, "მხოლოდ იმიტომ, რომ ელჩმა ასე ბრძანა და უალტერნატივოდ აღარ უნდა განიხილონ, არ მიაჩნია სწორად".

"მხოლოდ იმიტომ, რომ ელჩმა ასე ბრძანა და უალტერნატივოდ აღარ უნდა განვიხილოთ, მე არ მიმაჩნია სწორად. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა და ჩვენ ვაშენებთ დამოუკიდებელ სასამართლოს. რა მნიშვნელობა აქვს, რომელი ელჩის ჭკუაზე ივლის ქვეყანა? შეიძლება რეკომდანცია გასცე, მაგრამ მითითებები, ცოტა ჩემთვის გაურკვეველია.

ვიმედოვნებ, რომ მითითების ტონი არ იყო, უბრალოდ იყო რეკომედაციის ტონი და მე მეტსაც გეტყვით, დღეს წინაპირობა იმის, რომ გითხრათ, არა, გინდა თუ არა, ამ მოსამართლეებს განვამწესებთ, არ არსებობს უბრალოდ. დაველოდოთ მოვლენებს, შემოვა ეს სია, შეიძლება, საერთოდ არ უყაროს კენჭი პარლამენტმა ამ საკითხს, შეიძლება საერთოდ არც მივიდეს განხილვამდე", - თქვა კახიშვილმა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილებას საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებით მიიღებენ და არა - მითითების საფუძველზე.

"როდესაც შემოვა საკითხი, ვნახავთ, განვიხილავთ, მათ შორის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან გვექნება კონსულტაციები და ამ კონსულტაციის შედეგად ჩვენ შემდგომში, რა თქმა უნდა, მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომ ქვეყანა არ დაზიანდეს, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებით და არა მითითების საფუძველზე", - აღნიშნა კახიშვილმა.

ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი მოუწოდებს ხელისუფლებას, შეაჩეროს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი. მათი თქმით, ამით ქართული ოცნება მიშელის შეთანხმებას არღვევს.

მოწოდებების მიუხედავად, 17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა - მოსამართლეთა სია დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნა.

სია შემდეგნაირად გამოიყურება:

  • გიორგი გოგიაშვილი
  • გოჩა აბუსერიძე
  • ლევან თევზაძე
  • ქეთევან მესხიშვილი
  • გიორგი შავლიაშვილი
  • რევაზ ნადარაია
  • ბიძინა სტურუა
  • ეკა ზარნაძე
  • ლაშა ქოჩიაშვილი

კელი დეგნანმა, კარლ ჰარცელმა და ნატალია ვუტოვამ 21 მაისსაც მიმართეს წერილით მმართველ გუნდს, სასამართლო რეფორმის განხორციელებამდე შეეჩერებინათ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების არჩევა და იუსტიციის საბჭოს წევრების დანიშვნა. 

​ელჩებმა წერილით მმართველ გუნდს შეახსენეს შარლ მიშელის დოკუმენტით აღებული ვალდებულებები და ხაზი გაუსვეს, რომ მათ შესრულებაზე იქნება დამოკიდებული საქართველოს ფინანსური დახმარება.

ამაზე კახა კუჭავამ მათ უპასუხა, რომ როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვალდებულია, უზურნველყოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ არჩევისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნის პროცესი. 

რა წერია შეთანხმებაში?

შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი შეთანხმების დოკუმენტით, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ საარჩევნო რეფორმის გატარებამდე, რომელიც უნდა დაეფუძნოს ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის დასკვნას, პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების მოქმედი წესით დანიშვნისგან.

ასევე, დოკუმენტის მიხედვით, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმირება, გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერების და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით. რეფორმა უნდა მოიცავდეს დანიშვნების, შერჩევის, დაწინაურების და დისციპლინარული ზომების სფეროსაც. რეფორმების შესაფასებლად მოთხოვნები შედგება და გაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს, მათი რეკომენდაციები კი სრულად უნდა იქნას გათვალისწინებული.


close დახურვა