logo
ENG



კობახიძე დეგნანზე: [სასამართლოზე განცხადება] არაკეთილსინდისიერთა მიერ შეცდომაში შეყვანის მაგალითია

17 ივლ 202100:16
3 წუთის საკითხავი
clock 1973
კობახიძე დეგნანზე: [სასამართლოზე განცხადება] არაკეთილსინდისიერთა მიერ შეცდომაში შეყვანის მაგალითია

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დეფიციტზე საუბრობს და აშშ-ს ელჩის საწინააღმდეგო პოზიციას "არაკეთილსინდიციერი ადამიანების მიერ ვიღაცის შეცდომაში შეყვანად" აფასებს.

იმედის ეთერში გადაცემის წამყვანმა ირაკლი კობახიძეს ჰკითხა: "არსებობს დასაბუთებული კვლევა? ამერიკის ელჩი ამბობდა, რომ უცხოელი ექსპერტების შეფასებით, არც ისე მძიმე მდგომარეობაა?" 

რაზეც კობახიძემ შემდეგნაირად უპასუხა: "როცა საუბარია არაკეთილსინდისიერი ადამიანების მიერ ვიღაცის შეცდომაში შეყვანაზე, ესეც ძალიან კარგი მაგალითია. როდესაც 200-ზე მეტი საქმე აწერია ერთ მოსამართლეს, როგორ შეიძლება იქ ვთქვათ, რომ ვადების კუთხით არაა პრობლემა?"

მანამდე, მან განაცხადა, რომ უზენაეს სასამართლოში საკმარისი მოსამართლეების არარსებობის გამო საქმეები ჭიანურდება.

"ეს ნიშნავს, რომ ვიღაც უფრო დიდხანს რჩება წინასწარ პატიმრობაში. ამას ხომ სჭირდება მოგვარება? შესავსებია ვაკანსიები. ამიტომაა პრინციპული, თუნდაც 6 მოსამართლით მეტი შესულიყო", - თქვა მან. 

მანამდე, ქართულმა ოცნებამ უზენაესში უვადო მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით აშშ-ს მწვავე შეფასებას უპასუხა, სადაც წერია, რომ სტრატეგიულ პარტნიორებს არასწორი ინფორმაცია ცალკეული "ჩინოსნების" გამო მიეწოდება. განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, ვინ იგულისხმება ამაში. 

"შემაშფოთებელია, რომ ცალკეული ჩინოსნების არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სტრუქტურებს უმაღლეს დონეზე მიეწოდება დამახინჯებული ინფორმაცია პოლიტიკური შეთანხმების შესრულების შესახებ. ამგვარი ქმედებები საფრთხეს უქმნის ნებისმიერ დიალოგს, რომელიც სხვადასხვა შიდაპოლიტიკური საკითხის გარშემო მომავალში შეიძლება გაიმართოს". - ნათქვამია განცხადებაში. 

ქართულ ოცნება ამბობს, რომ "გუნდის თითოეული წევრისთვის გასაკვირი და შემაშფოთებელია განცხადებები და შეფასებები, რომლებიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით ვრცელდება". 

მმართველი გუნდი აცხადებს, რომ მზად არის, "სტრატეგიულ პარტნიორებთან ნებისმიერ ფორმატში დეტალურად განვიხილოთ პოლიტიკური შეთანხმების შინაარსი და მისი შესრულების მდგომარეობა, რაც საბოლოოდ ნათელს მოფენს სიმართლეს". 

***

დღეს, 16 ივლისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს პარლამენტის მიერ 12 ივლისს უზენაეს სასამართლოში 6 მოსამართლის უვადოდ დანიშვნას გამოეხმაურა და მას შემაშფოთებელი უწოდა, ვინაიდან ამ დანიშვნით 19 აპრილის შეთანხმება დაირღვა. 

განცხადებით ამერიკის შეერთებული შტატებმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, აღადგინოს ერთგულება დემოკრატიული პრინციპებისა და კანონის უზენაესობისადმი, ამავდროულად განაახლოს პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან და საერთაშორისო საზოგადოებასთან. 

არასამთავრობო ორგანიზაციების და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების მიუხედავად, შეეჩერებინათ პროცესი, პარლამენტმა 12 ივლისს 6 მოსამართლე უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშნა.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ოპოზიციის ძირითად ნაწილს. 

ქართულ ოცნებასთან ერთად კენჭსყრაში მონაწილეობა მიიღეს: ფრიდონ ინჯია - პარტია ევროპელი სოციალისტები, მიხეილ დაუშვილი, გიორგი ხოჯევანიშვილი, ანი ბუჩუკური - პარტია საქართველოსთვის, ალეკო ელსაშვილი და ლევან იოსელიანი - მოქალაქეები

უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლის გვარი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს 17 ივნისს გადაუგზავნა. 

არასამთავრობო ორგანიზაციები წლებია მიუთიუთებენ, რომ სასამართლო სისტემას ე.წ კლანი მართავს, რომელიც ხელისუფლების სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებს. სწორედ ამ მიზეზით ისინი, ისევე, როგორც საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, შეეჩერებინათ დანიშვნები უზენაეს სასამართლოში. 

ეს პუნქტი ჩაიწერა შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებაში. მოგვიანებით რამდენჯერმე გააკეთა განცხადება აშშ-ის ელჩმაც. თუმცა, ხელისუფლებამ დანიშვნების პროცესი არ შეაჩერა. 

შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი შეთანხმების დოკუმენტით, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ სასამართლო რეფორმის გატარებამდე, რომელიც უნდა დაეფუძნოს ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის დასკვნას, პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების მოქმედი წესით დანიშვნისგან.

ასევე, დოკუმენტის მიხედვით, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმირება, გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერების და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით. რეფორმა უნდა მოიცავდეს დანიშვნების, შერჩევის, დაწინაურების და დისციპლინარული ზომების სფეროსაც.

რეფორმების შესაფასებლად მოთხოვნები შედგა და გაეგზავნა ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს, მათი რეკომენდაციები კი სრულად უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული.

9 ივლისს ეუთო/ოდირმა საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის პროცესთან დაკავშირებით შუალედური ანგარიში წარადგინა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის პროცესში არსებულმა ნაკლოვანებებმა რისკის ქვეშ დააყენა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა, მიუხედავად გარკვეული გაუმჯობესებისა გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულების საკითხებში.


close დახურვა