logo
ENG



ჯაფარიძე ხაზარაძის პრემიერობის კანდიდატურაზე: რატომაც არა? შეიძლება იყოს სხვა კანდიდატებიც

20 ივლ 202117:47
3 წუთის საკითხავი
 
ჯაფარიძე ხაზარაძის პრემიერობის კანდიდატურაზე: რატომაც არა? შეიძლება იყოს სხვა კანდიდატებიც

ლელოს ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ ჩრდილოვან კოალიციურ მთავრობაში პრემიერმინისტრობის კანდიდატზე ოპოზიცია ჯერ არ შეთანხმებულა, თუმცა სხვადასხვა კანდიდატებს განიხილავენ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ მამუკა ხაზარაძე განიხილებოდეს პრემიერობის კანდიდატად, ჯაფარიძე ასე პასუხობს: 

"რატომაც არა? მაგრამ ჯერ არ შევთანხმებულვართ ამაზე, კონკრეტული შეთანხმება არ გვქონია, შეიძლება იყოს სხვა კანდიდატებიც", - თქვა ჯაფარიძემ.

ამასთან, ის არ გამორიცხავს გიორგი ვაშაძის კანდიდატურასაც და ამბობს, რომ ოპოზიციურ სპექტრში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც პრემიერმინისტრობა თავისუფლად შეუძლიათ.

"დღეს გაიჟღერა, რომ გიორგი ვაშაძეც შეიძლება იყოს. რატომაც არა? განვიხილოთ სხვადასხვა კანდიდატები უნდა ვიმსჯელოთ ოპოზიციურმა პარტიებმა, საზოგადოებამაც უნდა გამოხატოს თავის მოსაზრება. საბედნიეროდ, ოპოზიციურ სპექტრში არსებობენ ძალიან ძლიერი კანდიდატები, რომლებსაც აბსოლუტურად თავისუფლად შეუძლიათ, რომ იტვირთონ პრემიერმინისტრის მოვალეობა", - ამბობს ჯაფარიძე.

გუშინ, 19 ივლისს მამუკა ხაზარაძემ ფეისბუქპოსტით ოპოზიციას კონსოლიდაციისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ საჭიროა, ოპოზიციამ ქმედითი ნაბიჯები გადადგას დიდი კოალიციის შესაქმნელად.

ხაზარაძის თქმით, საჭიროა, დაიწყოს კონსულტაციები ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე და პრემიერობის კანდიდატზე.

"ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამომდინარე საჭიროა, უკვე დღეს, ოპოზიციურმა ძალებმა გადადგან ქმედითი ნაბიჯები დიდი კოალიციის შესაქმნელად. უკვე დღეს საჭიროა, დაიწყოს კონსულტაციები ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე და პრემიერობის კანდიდატზე", - წერს ხაზარაძე.


close დახურვა