logo
ENG



საქართველოში ფაიზერით ვაქცინაცია 16 წლიდან იქნება შესაძლებელი - ცვლილებები პროტოკოლში

21 ივლ 202121:22
3 წუთის საკითხავი
clock 1467
2021/07/21/90oe3v2ak7sypo1.jpg

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის გადაწყვეტილებით, საქართველოში ფაიზერით ვაქცინაცია 16 წლიდან იქნება შესაძლებელი. მინისტრის შესაბამისი ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა და ძალაში შევიდა. 

"აცრა ტარდება 16 წლის და ზედა ასაკის პირებში, აცრების კურსი შედგება 2 ინიექციისაგან, აცრებს შორის ინტერვალი შეადგენს, სულ მცირე, 21 დღეს; ვაქცინაციის კურსის დასრულების მიზნით, მეორე დოზა უნდა გაკეთდეს იმავე ვაქცინით 21 დღის შემდეგ", - წერია ახალ პროტოკოლში. 

ეს ცვლილება COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 3 თებერვლის №01-11/ნ ბრძანებაში შევიდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, "ფაიზერი ძალიან მალე, ამ დღეებში იქნება"

საქართველოში 14 ივლისს ფაიზერის 28 000 დოზა ჩამოვიდა. რეგისტრაცია 15:00 საათზე დაიწყო, თუმცა პორტალი ისევ გაითიშა. მოქალაქეები ჯავშნის გაკეთებას მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ. შეფერხების გამო ჯანდაცვის სამინისტრომ ბოდიში მოიხადა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2 415 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 26 ადამიანი. 

NCDC-ის ცნობით, 21 ივლისის მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 374 685 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 133 648 ადამიანი. დადებითობის მაჩვენებელია: დღიური - 6,42%, ბოლო 14 დღის - 5,03%, ბოლო 7 დღის - 5,53%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  393 360-ს.

 
 
 

 

 


close დახურვა