
მწერალთა სახლის სამეთვალყურეო საბჭო განცხადებას ავრცელებს და ლიტერას კონკურსში კულტურის სამინისტროს მხრიდან ჟიურის ერთი წევრის დანიშვნას მიუღებელს უწოდებს.
"მწერალთა სახლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს მიუღებლად მიგვაჩნია წლევანდელი ცვლილება, რადგან ვფიქრობთ, რომ ჟიურის წევრი არ უნდა იყოს ანგარიშვალდებული საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართ. მწერალთა სახლის სამეთვალყურეო საბჭოს არ გაგვაჩნია რაიმე სახის იურიდიული ბერკეტი ამის შესაცვლელად, თუმცა ვაფიქსირებთ ჩვენს პროტესტს და გამოვთქვამთ სურვილს, რომ ჟიურის თითოეული წევრი კვლავაც შეირჩეს დამოუკიდებლად, რათა მათ ყოველგვარი წნეხის გარეშე, თავისუფლად გააგრძელონ მუშაობა და ლიტერატურულ პროცესში წვლილის შეტანა", - აღნიშნულია განცხადებაში.
ლიტერას პრემიერ 2015 წლიდან არსებობს. დღეს ცნობილი გახდა, რომ წელს პირველად ლიტერატურული პრემია ლიტერას ჟიურის 5 წევრიდან 4 წევრი მწერალთა სახლმა შეარჩია, ხოლო ერთი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ.
ჟიურის შემადგენლობაში ცვლილებისა და მინისტრ თეა წულუკიანის გამო მწერლების ნაწილმა საკუთარი წიგნი კონკურსიდან მოხსნა.