logo
ENG



ტრაპაიძე კობახიძისგან შეურაცხყოფაზე: მაყურებლისადმი პატივისცემის ნიშნად უპასუხოდ დავტოვებ

14 სექ 202118:07
3 წუთის საკითხავი
clock 3630
ტრაპაიძე კობახიძისგან შეურაცხყოფაზე: მაყურებლისადმი პატივისცემის ნიშნად უპასუხოდ დავტოვებ

TV პირველის ტელეწამყვანი, დიანა ტრაპაიძე ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მხრიდან შეურაცხმყოფელ განცხადებას გამოეხმაურა. როგორც ტრაპაიძემ გადაცემაში დღის ამბები თქვა, მმართველი პარტიის თავმჯდომარე და პარლამენტის ყოფილი სპიკერი ჟურნალისტების სტატუსებს არ უნდა დასდევდეს.

"განსაკუთრებული მნიშვნელობა აკისრია პარლამენტს. პარლამენტარი, ყოფილი სპიკერი, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ასეთ დროს უნდა ითხოვდეს დამნაშავეების დასჯას, იდენტიფიცირებას. ინსტიტუციების ხელმძღვანელების პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე უნდა საუბრობდეს და არ უნდა დასდევდეს სოციალურ ქსელში ნებისმიერი ჟურნალისტის, თუნდაც მისთვის მიუღებლის სტატუსს, რომლის ინსპირაციაც მისივე თანაგუნდელი, მამაკა მდინარაძე გახდა, რომლის ბრიფინგსაც მე კონტშერკითხვებით გამოვეხმაურე. რაც შეეხება შეურაცხყოფას, ბევრი ვიფიქრე როგორ მეპასუხა და, მოდით, მაყურებლისადმი პატივისცემის ნიშნად უპასუხოდ დავტოვებ", - განაცხადა ტრაპაიძემ.

ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა პირადი ცხოვრების კადრებისა ან/და მისი ფაბრიკაციის გავრცელებას გეგმავს. 

მდინარაძემ სუს-ის მასალები გავრცელებას "ბოლშევიკური კამპანია" უწოდა, ხოლო კრიტიკულ მედიებს ნაციონალური მოძრაობის დავალებით "ფონის შექმნაში" ადანაშაულებს.

ამის შემდეგ დიანა ტრაპაიძემ სოციალურ ქსელში სტატუსი დაწერა:

"როგორც ჩანს, ბატონი მამუკა  მდინარაძე ამზადებს ალიბის პირადი ცხოვრების კადრების გამოსაქვეყნებლად. თუ ეს 2012 წლამდეა გადაღებული,რაში სჭირდება თვითკომპრომატის გამოქვეყნება ნაცებს? თუ 2012-ის შემდეგ, მაშინ რა შუაში არიან ნაცები ან სხვები, თქვენს დროს გადაღებულზე ხომ თქვენი პასუხისმგებლობაა? მოკლედ,ერთ შემთხვევაში გავრცელებაზე იქნებით პასუხისმგებელი და მეორეში გადაღება-გავრცელებაზე".

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე კი კრიტიკული მედიების წარმომადგენლებს დაესხა თავს. მთავარი არხის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიასა და TV პირველის ტელეწამყვანს, დიანა ტრაპაიძეს მან "გარყვნილი ადამიანები" უწოდა და დაადანაშაულა, რომ ჩანაწერების შესახებ ინფორმაციას ფლობენ. თუმცა რის საფუძველზე გააჟღერა ეს ბრალდება კობახიძემ, მას არ დაუსაბუთებია. 

13 სექტემბერს სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა გაჟონა. ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უთვალთვალებენ სინოდის წევრებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მღვდელმთავრებს, პატრიარქის თანაშემწეებს, ეპისკოპოსებს, მონაზვნებს და მათთან დაკავშირებულ პირებს. ჩანაწერების მიხედვით, ფარული მიყურადება მიმდინარეობდა საჯარო პირებზე და ჟურნალისტებზეც.

ჩანაწერები თარიღდება 2014-2021 წლებით.

ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებს ფორმულას ჟურნალისტი ნინო ვარძელაშვილი. ის ამბობს, რომ გავრცელებულ ფაილში ზუსტად არის მისი და მამა გიორგი ზვიადაძის საუბარი აღწერილი, რომელიც თებერვალში, სინოდის სხდომამდე შედგა. 

ავთენტიკურობას ადასტურებს TV პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძეც, ტელეწამყვანი ეკა კვესიტაძე, ტელეკომპანია მთავარის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. 

ასევე, ლელოს ერთ-ერთი ლიდეერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ფაილებში არსებული ჩანაწერი მისი და მეუფე თეოდორეს შესახებ, ავთენტურია. 

ინფორმაციას ადასტურებს ასევე ტაბულას მთავარი რედაქტორი ლევან სუთიძე, რომლის სახელი და გვარი რამდენჯერმეა მოხსენიებული ფაილებში. ასევე აღწერილია მისი საუბარი სასულიერო პირთან. 

პროკურატურამ, სავარაუდოდ, სუს-ის მერ მომზადებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.


close დახურვა