logo
ENG



კობახიძე ნიკა გვარამიასა და დიანა ტრაპაიძეს გარყვნილ ადამიანებს უწოდებს

14 სექ 202117:25
3 წუთის საკითხავი
clock 16832
კობახიძე ნიკა გვარამიასა და დიანა ტრაპაიძეს გარყვნილ ადამიანებს უწოდებს

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე თავს ესხმის კრიტიკული მედიების წარმომადგენლებს და მათ "გარყვნილ ადამიანებს" უწოდებს. კობახიძე საუბრობს მთავარი არხის გენერალურ დირექტორზე, ნიკა გვარამიასა და TV პირველის ტელეწამყვანზე, დიანა ტრაპაიძეზე.

"ჩვენ ჩავატარეთ ბრიფინგი ამასთან დაკავშირებით, მამუკა მდინარაძის ბრიფინგი და ამის შემდეგ პარტიული ტელევიზიების ორმა წარმომადგენელმა, ნიკა გვარამიამ და დიანა ტრაპაიძემ გაავრცელეს გარკვეული განცხადებები, სადაც ისინი კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ მთლიანად არიან საქმის კურსში იმ ჩანაწერთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გავრცელდეს ნაციონალური მოძრაობის მიერ და იქმნიან ალიბის ამასთან დაკავშირებით. ეს მათ არ გაუვათ, ამასთან დაკავშირებით საზოგადოება მათ გასცემს საკადრის პასუხს. ის ყველაფერი არის, რაც ჩვენ ვიცით, აბსოლუტურად შოკისმომგვრელი და მხოლოდ და მხოლოდ ბოლშევიკს შეიძლება მოუვიდეს აზრად, ისეთი ჩანაწერების გავრცელება, რომელზეც მათ აქვთ საუბარი. ის მესიჯები, რომელიც ჩვენ ვიხილეთ გვარამიას და ნათია ტრაპაიძის მხრიდან პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ამ ორ გარყვნილ ადამიანს პირდაპირი ინფორმაცია აქვს ყველაფერთან დაკავშირებით, რაც არის ნაცმოძრაობის მხრიდან დაგეგმილი.

ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა პირადი ცხოვრების კადრებისა ან/და მისი ფაბრიკაციის გავრცელებას გეგმავს. 

მდინარაძემ სუს-ის მასალები გავრცელებას "ბოლშევიკური კამპანია" უწოდა, ხოლო კრიტიკულ მედიებს ნაციონალური მოძრაობის დავალებით "ფონის შექმნაში" ადანაშაულებს.

მმართველი პარტიის ლიდერი ამბობს, რომ არ იცის რა კადრები ან ფაბრიკაცია იქნება გავრცელებული, თუმცა ამტკიცებს, რომ მიზანია, მათი გავრცელება ქართულ ოცნებას დაბრალდეს. 

13 სექტემბერს სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა გაჟონა. ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უთვალთვალებენ სინოდის წევრებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მღვდელმთავრებს, პატრიარქის თანაშემწეებს, ეპისკოპოსებს, მონაზვნებს და მათთან დაკავშირებულ პირებს. ჩანაწერების მიხედვით, ფარული მიყურადება მიმდინარეობდა საჯარო პირებზე და ჟურნალისტებზეც.

ჩანაწერები თარიღდება 2014-2021 წლებით.

ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებს ფორმულას ჟურნალისტი ნინო ვარძელაშვილი. ის ამბობს, რომ გავრცელებულ ფაილში ზუსტად არის მისი და მამა გიორგი ზვიადაძის საუბარი აღწერილი, რომელიც თებერვალში, სინოდის სხდომამდე შედგა. 

ავთენტიკურობას ადასტურებს TV პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძეც, ტელეწამყვანი ეკა კვესიტაძე, ტელეკომპანია მთავარის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. 

ასევე, ლელოს ერთ-ერთი ლიდეერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ფაილებში არსებული ჩანაწერი მისი და მეუფე თეოდორეს შესახებ, ავთენტურია. 

ინფორმაციას ადასტურებს ასევე ტაბულას მთავარი რედაქტორი ლევან სუთიძე, რომლის სახელი და გვარი რამდენჯერმეა მოხსენიებული ფაილებში. ასევე აღწერილია მისი საუბარი სასულიერო პირთან. 

პროკურატურამ, სავარაუდოდ, სუს-ის მერ მომზადებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.


close დახურვა