logo
ENG



ვთავაზობ სამართლებრივ მხარდაჭერას - დოლიძის თქმით, გახარიამ კობახიძეს უნდა უჩივლოს

24 სექ 202112:28
3 წუთის საკითხავი
clock 1111

მოძრაობა ხალხისთვის თბილისის მერობის კანდიდატი ანა დოლიძე გიორგი გახარიას სამართლებრივ დახმარებას სთავაზობს. დოლიძე ამბობს, რომ ყოფილმა პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძეს ნარკოდამოკიდებულების თემაზე ცილისწამებისთვის სასამართლოში უნდა უჩივლოს. 

დოლიძის შეფასებით, ნარკოდამოკიდებულების თემით მანიპულირება და ამ საკითხის კიდევ უფრო სტიგმატიზაცია ქართული ოცნების მხრიდან აბსოლუტურად მიუღებელია. 

"მიუხედავად იმისა, რომ ბევრ საკითხთან დაკავშირებით მაქვს მკვეთრი წინააღმდეგობა გახარიასთან, როგორც ამ საქმეში გამოცდილი საერთაშორისო სამართლის იურისტი, ვთავაზობ სამართლებრივ მხარდაჭერას გიორგი გახარიას. წარმოვადგინო ის თბილისის სასამართლოებში ცილისწამების საქმეებზე უტიფარ ირაკლი კობახიძესთან მიმართებაში და ასევე, წარმოვადგინო ის სტრასბურგის სასამართლოს წინაშე, რათა მან იბრძოლოს საკუთარი პატივისა და ღირსების დაცვისთვის", - თქვა დოლიძემ. 

ნარკოტესტზე ლაპარაკი თბილისის მოქმედმა მერმა და ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, როცა თქვა, რომ თავად "სუფთაა" და სხვა კანდიდატებსაც ანალიზის გაკეთებისკენ მოუწოდა. მოგვიანებით, გახარიამ განაცხადა, რომ მის ნარკოტესტთან დაკავშირებით მმართველი გუნდი გარკვეულ პროვოკაციას გეგმავდა, რის შემდეგაც მან, ნარკოტესტის ჩასაბარებლად ევროპაში წასვლა გადაწყვიტა. 17 სექტემბერს გახარიამ ავსტრიაში ჩატარებული ნარკოტესტის პასუხები გააასაჯაროვა, რის მიხედვითაც, ყოფილი პრემიერი ნარკომომხმარებელი არ არის.

ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ გიორგი გახარია ნარკოდამოკიდებულია. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის  მტკიცებით ყოფილმა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ნარკოტიკული საშუალების მოხმარება პარტიის დატოვების შემდეგ დაიწყო. 

გუშინ, 23 სექტემბერს კობახიძემ თქვა, რომ ოცნებაში კონკრეტული სახელი და გვარი იციან, თუ ვინ გაასინჯა ყოფილ პრემიერმინისტრს კოკაინი.


close დახურვა