logo
ENG

კობახიძის თქმით, გახარიამ კოკაინის მოხმარება გუნდის დატოვების შემდეგ დაიწყო

20 სექ 202118:24
3 წუთის საკითხავი
clock 9465

ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ყოფილმა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ნარკოტიკული საშუალების მოხმარება პარტიის დატოვების შემდეგ დაიწყო. 

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ყოფილ პრემიერს "ეს პრობლემა" ბოლო პერიოდის განმავლობაში გაუჩნდა. ამასთან, მმართველი გუნდის თავმჯდომარე ხელს ისევ ნაციონალური მოძრაობისკენ იშვერს და ამბობს, რომ "ეს მაშინ დაიწყო, როდესაც გახარიამ საქმიანობა და ქმედებები კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას დაუკავშირა". 

"არა თუ არ შეგვიმჩნევია, მას ეს პრობლემა იმ პერიოდში არ ჰქონია. ეს პრობლემა მას გაუჩნდა ბოლო პერიოდში. შეგვიძლია გავიხსენოთ მარტივი გამონათქვამი, ხარი ხართან დააბი. როდესაც ის თავისი საქმიანობით და თავისი ქმედებებით დაუკავშირდა კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც შეხება აქვს კონკრეტულად კოკაინთან, ამის შემდეგ მას გაუჩნდა ეს პრობლემა. კონკრეტულმა ადამიანებმა მიუტანეს მას ეს ნარკოტიკული საშუალება და ეს ადამიანებიც საეჭვო კავშირებში არიან მხილებული. როცა მელიასთვის გადადგები, ამის მერე სხვა რა არ უნდა გაგიკვირდეს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

ნარკოტესტზე ლაპარაკი თბილისის მოქმედმა მერმა და ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, როცა თქვა, რომ თავად "სუფთაა" და სხვა კანდიდატებსაც ანალიზის გაკეთებისკენ მოუწოდა. მოგვიანებით, გახარიამ განაცხადა, რომ მის ნარკოტესტთან დაკავშირებით მმართველი გუნდი გარკვეულ პროვოკაციას გეგმავდა, რის შემდეგაც მან, ნარკოტესტის ჩასაბარებლად ევროპაში წასვლა გადაწყვიტა. 17 სექტემბერს გახარიამ ავსტრიაში ჩატარებული ნარკოტესტის პასუხები გააასაჯაროვა, რის მიხედვითაც, ყოფილი პრემიერი ნარკომომხმარებელი არ არის. 

 
 
 
close დახურვა