logo
ENG



გახარიამ კობახიძის ბრალდებებზე გამოძიების დასაწყებად პროკურატურას მიმართა

27 სექ 202114:07
3 წუთის საკითხავი
clock 1925

ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ მის მიმართ ირაკლი კობახიძის ბრალდებებზე გამოძიების დაწყებისთვის პროკურატურას მიმართა. საქმე ეხება მის განცხადებებს "კოკაინის მოხმარებაზე". შესაბამისი განცხადება დღეს პარტია საქართველოსთვის წევრებმა ანა ბუჩუკურმა და მიხეილ დაუშვილმა საგამოძიებო უწყებაში შეიტანეს.

მიხეილ დაუშვილის თქმით, მას შემდეგ რაც ბრალდებები არ დადასტურდება, უნდა დადგეს ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხი ცრუ დასმენასთან დაკავშირებით.

"გენერალურ პროკურატურას მივმართეთ, რათა ჩაატაროს ობიექტური, გამჭვირვალე, სრულყოფილი და ეფექტიანი გამოძიება და გამოიძიოს ის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო, უსაფუძვლო განცხადებები, რასაც ჩვენ ორგანიზაცია ოცნების ხელმძღვანელისგან, ირაკლი კობახიძისგან გიორგი გახარიასთან დაკავშირებით ვისმენთ.

ბოლო პერიოდის განმავლობაში მუდმივად გვაბრალებენ ნარკოტიკის მოხმარებას, შეძენას და ა.შ. ცალსახად, ამ ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს და სრულყოფილი, ობიექტური და გამჭვირვალე გამოძიების შემდეგ, როცა დადგინდება, რომ ეს ბრალდებები უსაფუძვლოა, რა თქმა უნდა, უნდა დადგეს ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხიც ცრუ დასმენასთან დაკავშირებით. რასაც ეს ადამიანები გვაბრალებენ დანაშაულია. ამას სჭირდება გამოძიება", - თქვა მიხეილ დაუშვილმა. 

ნარკოტესტზე ლაპარაკი თბილისის მოქმედმა მერმა და ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, როცა თქვა, რომ თავად "სუფთაა" და სხვა კანდიდატებსაც ანალიზის გაკეთებისკენ მოუწოდა.

მოგვიანებით, გახარიამ განაცხადა, რომ მის ნარკოტესტთან დაკავშირებით მმართველი გუნდი გარკვეულ პროვოკაციას გეგმავდა, რის შემდეგაც მან, ნარკოტესტის ჩასაბარებლად ევროპაში წასვლა გადაწყვიტა. 17 სექტემბერს გახარიამ ავსტრიაში ჩატარებული ნარკოტესტის პასუხები გააასაჯაროვა, რის მიხედვითაც, ყოფილი პრემიერი ნარკომომხმარებელი არ არის. 


close დახურვა