საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ამტკიცებს, რომ საქართველოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის გაუქმება არ ემუქრება. დღეს, 29 სექტემბერს გამოცემა euobserver-მა ევროკავშირის შიდა დოკუმენტის საფუძველზე დაწერა, რომ ევროკავშირმა, შესაძლოა, საქართველოს, უკრაინას, მოლდოვასა და ბალკანეთის ქვეყნებს უვიზო მიმოსვლა შეუჩეროს.
მინისტრი ამბობს, რომ საქართველო აღებულ ვალდებულებებს პირნათლად ასრულებს და არანაირი შეჩერების მექანიზმი არ ამოქმედდება.
"მე მინდა, დავამშვიდო ყველა და ასევე, იმედი გავუცრუო იმ ადამიანებს, რომლებმაც ძალიან აიტაცეს ეს ამბავი. მე ვიცი, რომ დიდი აღტკინებაა ჩვენს ოპონენტებში და წარმოუდგენელია, როცა ოპონენტები ხარობენ სავარაუდოდ ქვეყნის წარუმატებლობით და მათ მინდა იმედები გავუცრუო და ვუთხრა, რომ ეს ძალიან დიდი ტყუილია.
ამ სტატიაში კონკრეტულად საქართველოზე არ არის საუბარი, მოლდოვაზე და აღმოსავლეთ ბალკანეთის ქვეყნებზეა საუბარი და არათუ გაზრდილია თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა, პირიქით, საქართველოდან ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 75%-ით არის შემცირებული. ასე რომ, ეს ძალიან დიდი ტყუილია, არაფერი არ გვემუქრება, ყველაფერი ძალიან კარგად არის.
ვიზა-ლიბერალიზაციის შესრულების ბოლო ანგარიში, რომელიც გამოქვეყნდა, უაღრესად პოზიტიურია, სადაც ძალიან დადებითი შეფასება აქვს საქართველოს მხრიდან ვიზა-ლიბერალიზაციის შესრულებას და ჩვენ აღებულ ვალდებულებებს პირნათლად ვასრულებთ. ამიტომ, არანაირი შეჩერების მექანიზმი საქართველოსთან მიმართებაში არ ამოქმედდება.
ახლა მაცნობეს, რომ გერმანიის პრეზიდენტმა შტაინმაიერმა მსგავსი განცხადება გააკეთა, რომ არანაირი მსგავსი ნაბიჯები არ იგეგმება, ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა, რომ ჩვენს ოპონენტებს იმედები გავუცრუო და ვუთხრა, რომ ნუ ხარობენ ქვეყნის წარუმატებლობით, მაშინ, როდესაც ქვეყანა აშკარად წარმატების გზას ადგას. ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაცია, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობა და სავიზო ლიბერალიზაცია შეუქცევადი პროცესია. ჩვენ არ გადავუხვევთ ჩვენ მიერ ნაკისრი არც ერთი ვალდებულებიდან". - განაცხადა ზალკალიანმა.
მოგვიანებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ საკითხზე გერმანიის პრეზიდენტის განცხადების თარგმანი გაავრცელა.
"დღეს, როდესაც აქ [კიშინეუში] ჩამოვედი, ამ შეტყობინების წაკითხვა ჩემთვისაც ისეთივე მოულოდნელი იყო, როგორც თქვენთვის. აღნიშნულის შესახებ ბერლინსა და შინაგან საქმეთა ფედერალურ სამინისტროში მოვიკითხე და აღმოვაჩინე, რომ ეს არ იყო ნამდვილი სიახლე. ეს უბრალოდ ყალბი ამბებია". - ამბობს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, საგარეო უწყების ცნობით.
როგორც გამოცემა წერს, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების მიზეზად მოლდოვიდან, საქართველოდან და უკრაინიდან თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნები და არალეგალების რიცხვის ზრდა სახელდება. მათი ცნობით, უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი საფრანგეთმა, იტალიამ და გერმანიამ წამოაყენა.