ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ექსტრადირებაზე სავარაუდოდ უარს იტყვის. ეს მისმა უფლებადამცველმა გიორგი ჩივიაშვილმა ფორმულას კითხვის საპასუხოდ თქვა.
"სავარაუდოდ, კი [უარს იტყვის]. მისი პოზიცია არის ის, რომ აპირებს პოლიტიკურ ბრძოლას თავის სამშობლოში", - თქვა ადვოკატმა.
როგორც მან სააკაშვილის ციხეში მონახულების შემდეგ აღნიშნა, ექსპრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს და შიმშილობას აგრძელებს.
"ის არის საკმაოდ მხნედ, აგრძელებს შიმშილობას და აგრძელებს ბრძოლას ამ ფორმით. ვისაუბრეთ ბევრ რამეზე, მათ შორის სისხლის სამართლის საქმეებზე. მისი პოზიცია არის, რომ ბრძოლა გრძელდება", - ამბობს ჩივიაშვილი.
გუშინ, 3 ოქტომებრს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიხეილ სააკაშვილის დაკავებას პირადად გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს გამოიყენებს, რათა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, უკრაინაში დაბრუნდეს.
როგორც ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში განაცხადა, აღნიშნულ საკითხში იქნება ჩართული ყველა - როგორც ელჩების ისე საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე.
მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრი კულებმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს, როგორც უკრაინის მოქალაქეს, დიპლომატიურ დახმარებას გაუწევენ. კომენატარი ასევე, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის წარმომადგენელმა გააკეთა და აღნიშნა, რომ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებული სიტუაცია ზელენსკის პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს. მოგვიანებით ის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს, რის ამსახველი ვიდეომასალაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. სააკაშვილის დაკავება საზოგადოებას პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აცნობა. დაკავებიდან ცოტა ხანში სააკაშვილის ახალი მიმართვაც გავრცელდა, სადაც ის მოქალაქეებს არჩევნებზე წასვლისკენ და გარეთ გამოსვლისკენ მოუწოდებს.
მესამე პრეზიდენტმა პირველ ოქტომბერს დილით გაავრცელა ვიდეომიმართვა და თქვა, რომ ის საქართველოშია და ბათუმში იმყოფება.
აღსანიშნავია, რომ მთელი დღის განმავლობაში მმართველი გუნდი სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლას უარყოფდა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებდა, რომ უკრაინულ მხარესთან არიან კომუნიკაციაზე და მესამე პრეზიდენტს საზღვარი არ გადაუკვეთავს.
მიხეილ სააკაშვილთან ციხეში იმყოფებოდა სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარიას თქმით, ყოფილი პრეზიდენტი ბრალს არ აღიარებს და შიმშილობას აცხადებს. ამასთან, როგორც უკრაინის მოქალაქე, სააკაშვილი უკრაინის კონსულთან შეხვედრას ითხოვს.