logo
ENG



კობახიძე: ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული ოცნების მყარი ლეგიტიმაცია

31 ოქტ 202115:30
3 წუთის საკითხავი
clock 777
კობახიძე: ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული ოცნების მყარი ლეგიტიმაცია

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, თვითმმართველობის არჩევნებმა პარტიის "მყარი ლეგიტიმაცია" დაადასტურა.

იმ ფონზე, როცა მმართველი პარტია არჩევნების მოგებაზე საუბრობს, ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები ხმის მიცემის დღეს არაერთ დარღვევაზე მიუთითებენ, მათ შორისაა ამომრჩეველის მოსყიდვა, დაშინება და ზეწოლა. 

"ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული ოცნების მყარი ლეგიტიმაცია, რომელიც ჩვენ გვაკისრებს უდიდეს პასუხისმგებლობას, მომდევნო წლების განმავლობაში მაქსიმუმი გავაკეთოთ ნდობის გასამართლებლად, დაწყებული საქმეების ბოლომდე მისაყვანად და ახალი ინიციატივების წამოსაწყებად. ამავდროულად, ჩვენ ვალდებული ვართ, ყურად ვიღოთ იმ მოქალაქეების პრეტენზიებიც, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს ჩვენს პარტიას. ბუნებრივია, ამგვარი პრეტენზიები ჩვენს მიმართ ჩვენს მხარდამჭერებსაც აქვთ", - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, იმ მუნიციპალურ საკრებულოებში, სადაც ქართულ ოცნებას ერთპარტიული უმრავლესობა არ აქვს, უმრავლესობა მოლაპარაკებების საფუძველზე ჩამოყალიბდება. წინასწარი მონაცემებით, ქართული ოცნება უმრავლესობას კარგავს წალენჯიხასა და ჩხოროწყუში. ამასთან, უმრავლესობის საკითხია გადასაწყვეტი ბათუმის საკრებულოშიც.

ოპოზიციის წევრები არ იზიარებენ ცესკოს წინასწარ მონაცემებს, რომლის მიხედვითაც, 64 მუნიციპალიტეტიდან 63-ში ქართული ოცნების მერობის კანდიდატი იმარჯვებს. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით, არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებს მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება, მოეხდინა საბოლოო შედეგებზე. ISFED-ის შეფასებით კი, "მეორე ტური გაშვებული შესაძლებლობაა დემოკრატიული განვითარების გზაზე". 

ამასთან, ბათუმსა და ქუთაისში გაბათილებული ბიულეტენების რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე კანდიდატებს შორის ხმების სხვაობა. 

ეუთო ოდირის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ალბერტ იონსონის თქმით, იყო ჩივილები დაშინებასა და ზეწოლაზე. მისივე განცხადებით, დამკვირვებლები პარტიული მხარდამჭერების როლში იყვნენ და უბნების გარეთ ამომრჩევლებზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ გარკვეული ჯგუფები და ხდებოდა ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენება.

ოპოზიციის ლიდერებმა უკვე განაცხადეს, რომ ახალი სამოქმედო გეგმა ექნებათ, რომელსაც პარლამენტის წინ 19:00 საათზე დააანონსეს. 


close დახურვა