სტრატეგია აღმაშენებლის მთაწმინდის მაჟორიტარობის ყოფილმა კანდიდატმა ირაკლი გოგუაძემ შიმშილობა დაიწყო. ის ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი არაა, თუმცა აღნიშნავს, რომ საქართველოს კიდევ ერთი პრეზიდენტის სიკვდილი ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება.
გოგუაძის თქმით, ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს, რა შედეგები მოჰყვება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას.
"ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ ერთი მკვდარი პრეზიდენტი იქნება კატასტროფა, რომელსაც ვერასდროს ვეღარ გამოვასწორებთ. ეს იქნება ქვეყნის დანგრევა, ამიტომ ვითხოვ, რომ ხელისუფლებამ გაიაზროს ის საშიშროება, რომელიც ამ ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესებით ან ფატალური შედეგით უდგას ქვეყანას და გამოიჩინოს კეთილი ნება და სასწრაფოდ გადაიყვანოს სამოქალაქო საავადმყოფოში, რათა არ დადგეს ის შედეგი, რაც ძალიან მალე აუცილებლად დადგება, გვინდა ეს ჩვენ თუ არა", - ამბობს ირაკლი გოგუაძე.
გუშინ, 3 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანამდე შიმშილობა დაიწყო დროას ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე 35-ე დღეა, ციხეში შიმშილობს.
ექსპრეზიდენტის ადვოკატები სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა ჯანდაცვის ექსპერტებისგან შემდგარი ექიმების ჯგუფმაც.
სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და დაადგინა, რომ ვითარება სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.
მიუხედავად ამისა, მთავრობის წევრები, მათ შორის, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა გამორიცხულია და საჭირო სამედიცინო დახმარებას ექსპრეზიდენტი ციხის საავადმყოფოში მიიღებს.