პარტია დროას წევრი ნინო გოგუაძე ამბობს, რომ დროა საგანგებო რეჟიმზე გადადის.
ნინო გოგუაძის თქმით, ელენე ხოშტარია შიმშილობას მანამ არ შეწყვეტს სანამ მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლება მრავალპროფილურ საავადმყოფოში არ გადაიყვანს.
ნინო გოგუაძე ჯანდაცვის მინისტრს მოუწოდებს ქმედითი ნაბიჯები გადადგას, რომ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო საავადმყოფოში იქნეს გადაყვანილი.
"პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, პატიმარი სააკაშვილის მდგომარეობა დღითიდღე უფრო კრიტიკული ხდება, ამასთან ერთად შიმშილობს დროას ლიდერი ელენე ხოშტარია, იგი იღებს მხოლოდ წყალს, უარს ამბობს გადასხმაზე და არ იღებს არანაირ მედიკამენტებს, ელენეს მოთხოვნა არის ერთადერთი, ხელისუფლებამ გადადგას კანონიერი ნაბიჯი, სააკაშვილი გადაიყვანოს მრავალპროფილურ საავადმყოფოში, სადაც მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე იქნება დაცული. თუ ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდება, ელენე ხოშტარია შეწყვეტს შიმშილობას. ამასთან ერთად, ელენეს მიზანია, ხელისუფლებამ გამოიჩინოს გონიერება და საზოგადოება ააცილოს იმ უმწვავეს დაპირისპირებას საითკენაც მივექანებით, ისედაც უკიდურესად პოლარიზებულ გარემოში.
რაც შეეხება პარტია დროას, ჩვენ გადავდივართ საგანგებო მდგომარეობაში, ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას ყველა არაძალადობრივ აქციაში. როგორც კოალიციის წევრები, მივიღებთ კოალიციის შექმნაში აქტიურ მონაწილეობას, დავგეგმავთ კოალიციასთან ერთად სხვადასხვა საპროტესტო აქციებს, ასევე დროა ჩაატარებს ყოველდღიურად ან არაყოველდღიურად, მაგრამ ხშირად, საკუთარ აქციებს.
გვინდა მივმართოთ, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს, დროა მან ხმა ამოიღოს, დაეხმაროს ექიმების რეკომენდაციის შესრულებას, გამოხატოს პირადი აზრი, შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში მას პირადად დაეკისრება პასუხისმგებლობა იმ ცინიზმზე, რასაც ბიძინა ივანიშვილის ქართული ოცნება სჩადის." - ამბობს დროას წევრი ნინო გოგუაძე
ქართული ოცნების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექს-პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკვე 39-ე დღეა, ციხეში შიმშილობს.
ადვოკატები სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა ჯანდაცვის ექსპერტებისგან შემდგარი ექიმების ჯგუფმაც.
სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და დაადგინა, რომ ვითარება სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.
მიუხედავად ამისა, მთავრობის წევრები, მათ შორის, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა გამორიცხულია და საჭირო სამედიცინო დახმარებას ექს-პრეზიდენტი ციხის საავადმყოფოში მიიღებს.
მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მე-6 დღეა, შიმშილობს დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია.