logo
ENG

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: რაში აწყობს ოცნებას რიგგარეშე არჩევნები?

24 ნოე 202120:55
3 წუთის საკითხავი
clock 557

დღეს, როდესაც მიხელ სააკაშვილის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას მყისიერი საფრთხე აღარ ემუქრება, ფალავნები კი მორიგი ორთაბრძოლისთვის ძალებს იკრებენ, პოლიტიკურ და მედია სივრცეში ერთგვარმა სიცარიელემ დაისადგურა, ოპოზიცია კი თითქოს გამაერთიანებელი იდეისა და ოპერატიული ამოცანის გარეშე დარჩა, რაც ქართულ ოცნებას ამოსუნთქვის საშუალებას აძლევს.

სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ ოპოზიციურმა ერთობამ სასწრაფოდ გამოკვეთოს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ორიენტირები და დასახოს მათი მიღწევის გზები.

მართალია, ლელომ არ დააყოვნა და უკვე დააანონსა ეროვნული უსაფრთხოების და ეკონომიკის საერთო ეროვნული პლატფორმის შექმნა, რაც უდავოდ მნიშვნელოვანი და სახელმწიფოებრივი ინიციატივაა, თუმცა ის განუხორციელებელი დარჩება თუ მანამდე მასიური, მწვავე და მრავალფეროვანი პროტესტით და საერთაშორისო პარტნიორებთან ინტენსიური მუშაობით ოპოზიციურმა ერთობამ ხელისუფლებას სრულად პროპორციულ და დაბალბარიერიან სისტემაზე გადასვლა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა არ აიძულა.

ამ პროცესს კი ფონად უნდა გასდევდეს ბრძოლა სააკაშვილის თავისუფლებისთვის, რაც ადრე თუ გვიან მე-3 პრეზიდენტს საპატიმროდან გამოყვანით უნდა დასრულდეს.

ერთი შეხედვით, შესაძლოა არარელისტურად მოგეჩვენოთ, მაგრამ, სულაც არ არის გამორიცხული, რომ ხელისუფლებამ თავად დაასწროს ოპოზიციას და რიგგარეშე არჩევნები იმაზე ადრე დანიშნოს ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია. ღარიბაშვილის მიერ გახმოვანებული ინიციატივები, ონლაინ კაზინოების აკრძალვასთან და დასაქმებასთან დაკავშირებით, აშკარად საარჩევნო კამპანიის პირველ სტადიას წააგავს, რომლის ამოცანაც ამომრჩეველთა ახალი სეგმენტის გულის მოგებაა.

დარწმუნებული ვარ, ოცნებაში უკვე გაიაზრეს, რომ გლდანის ციხიდან გორის ჰოსპიტალში გადანაცვლებით სააკაშვილმა მათ პოლიტიკური ბრძოლის პირველი რაუნდი პირწმინდად მოუგო.

და ისიც კარგად ესმით, რომ რაც მეტ ხანს ეყოლებათ მიშა პატიმრობაში, მით გაიზრდება ალბათობა იმისა, რომ რაღაც ეტაპზე, გარე თუ შიდა წნეხის გამო, მე-3 პრეზიდენტის გათავისუფლება მოუწევთ.

თუ იმასაც გავითვალიწინებთ, ციხეში მყოფი და ფიზიკურად დაუძლურებული სააკაშვილი ოცნებას რა დღეში აგდებს, ადვილი წარმოსადგენია რა მოხდება როდესაც თავისუფალი და ჯან-ღონით სავსე მიშა ქალაქ-ქალაქ და სოფელ-სოფელ დაიწყებს სიარულს და საზოგადოების იმ ნაწილსაც გაააქტიურებს, ვისაც დღეს ცვლილების იმედი სრულად დაკარგული აქვს. ამდენად, სავსებით ლოგიკურია, რომ ივანიშვილი თავად წავიდეს რიგგარეშე არჩევნებზე. იმ პირობებში, სანამ სააკაშვილი ციხეში იქნება, საკონსტიტუციო ცვლილებები არ განხორციელდება და არჩევნები 2020 წლის მოდელით ჩატარდება, რა შემთხვევაშიც ოცნებას 30 მაჟორიტარის სახით ერთგვარი ფორა კვლავაც დარჩება.

საჭიროა პრაქტიკული საკითხი, რომლის გარშემოც, ისევე როგორც მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის შემთხვევაში, მთელი ოპოზიციური სპექტრი, სამოქალაქო სექტორი  და საერთაშორისო აქტორებიც გაერთინადებიან. დღეს ასეთი მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული დაბალბარიერიანი, სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის მიღებაა. გაერთიანების ბუნებრივი მოკავშირე იქნება დღევანდელ ვითარებაში პოლიტიკური დღის წესრიგის მიღმა დარჩენილი გახარიას პოლიტიკური ძალაც, რაც საერთაშორისო თუ შიდა კონტექსტში ოპოზიციის არგუმენტებს და მდგომარეობას კიდევ უფრო გაამყარებს.

ამიტომაც, აუცილებელია ინიციატივა სასწრაფოდ კვლავ ნაცმოძრაობამ აიღოს ხელში და აქტიური საერთაშორისო მხარდაჭერით, მცირე თუ საშუალო ზომის ოპოზიციური პარტიების სრულ სპექტრთან ერთად შეუტიოს ოცნებას საკონსტიტუციო ცვლილებების მოთხოვნით. შედეგი კი მხოლოდ რიგგარეშე არჩევნები კი არა, ისეთი რიგგარეშე არჩევნები უნდა იყოს, რომლის პირობებშიც ოცნებას უსამართლო უპირატესობა უბრალოდ აღარ ექნება.


close დახურვა