logo
ENG



საპატრიარქოს სინოდურმა კომისიამ დეკანოზ ილია ჭიღლაძეს მღვდელმოქმედება აუკრძალა

10 დეკ 202115:22
3 წუთის საკითხავი
clock 1133
საპატრიარქოს სინოდურმა კომისიამ დეკანოზ ილია ჭიღლაძეს მღვდელმოქმედება აუკრძალა

მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს სინოდურმა კომისიამ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიაში მყოფ დეკანოზ ილია ჭიღლაძეს მღვდელმოქმედება აუკრძალა და "მიეცა დრო სინანულისთვის". საბოლოო გადაწყვეტილებისთვის საკითხი წარედგინება წმინდა სინოდის სხდომას. 

განმარტების სახით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ ჭიღლაძეს მღვდელმოქმედება აეკრძალა სინოდის წევრებისა და სასულიერო პირებისადმი მასმედიაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების, ასევე სინოდურ კომისიაზე არასაპატიო მიზეზით არგამოცხადების გამო. 

მათი განცხადებით, სინოდურ კომისიას ილია ჭიღლაძის საკითხის შესწავლა 2021 წლის 11 თებერვლის სინოდის სხდომის შემდეგ დაევალა. 

"საქართველოს საპატრიარქოს  სინოდური კომისიის  ამა წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიაში მყოფ მღვდელმსახურს, დეკანოზ ილია (ირაკლი) ჭიღლაძეს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებისა და სასულიერო პირებისადმი მასმედიაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების, ასევე სინოდურ კომისიაზე არასაპატიო მიზეზით არგამოცხადების გამო, მოციქულთა 55-ე, 56-ე და 74-ე კანონების საფუძველზე, განეჩინა ყოველგვარი მღვდელმოქმედების აკრძალვა და მიეცა დრო სინანულისთვის", - წერია განცხადებაში. 

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდმა სხდომის 11 თებერვალს გამოქვეყნებულ ოქმში მიუთითა, რომ დეკანოზ ილია ჭიღლაძის შესახებ სინოდალური კომისია იმსჯელებს. საპატრიარქო მიიჩნევს, რომ "დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ქართული სამრევლოს მღვდელმსახური, დეკანოზი ილია ჭიღლაძე საქართველოს ეკლესიის იერარქთა მისამართით დიდი ხანია, უკიდურესად შეურაცხმყოფელ და ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებს მასმედიის საშუალებით". 

თავად ილია ჭიღლაძე საპატრიარქოს "წითელი" და "ერის მაზობმირებელი" უწოდა, რომელიც ქრისტეს და ეკლესიას შეურაცხყოფს. 


close დახურვა